ახალი ამბები
სენაკის სკოლის მოსწავლეები NASA-ში მიემგზავრებიან
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში ცამეტ ფინალისტს შორის გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, გამარჯვებული „სმართ ქიდს“ აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის.

გამარჯვებული გუნდის წევრები არიან სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები - ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი.

პროექტი „გეოლოგიური საფრთხეები“ წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის. მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად გამოყენებულია ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. შედეგად, მიღებულია მაღალი მგრძნობელობა, სიზუსტე და საიმედოობა. ასეთი სისტემის აწყობა, წარმოება და დანერგვა საქართველოში მარტივად შესაძლებელია, რაც ათასწლეულების გამოწვევის ფონდის განმარტებით, ხარჯეფექტურია სახელმწიფოსთვის.

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა - „ბორჯღალმობილი“ პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“ - პროექტით „მაგნიტური ლიფტი“.

კონკურსის მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „ძმები ბუთბაიები“, პროექტით „ოპტიმიზირებული პარკინგის სისტემა - Smart Parking”.

გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში გაიმართა.

გუნდებს გამარჯვება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ჯეოსელის გენერალურმა დირექტორმა პაველ სმალინსკიმ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ მიულოცეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მასში სულ 240-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.