ახალი ამბები
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში სამი ისტორიული თარიღი გაიხსენეს [ვიდეო]
ზუგდიდის არტ-გალერეაში გაიმართა შეხვედრა სამ ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით - 31 მარტს საქართველოში გამართული საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამ თემებზე ფილოლოგი და ეროვნულ სიძველეთა მკვლევარი მანანა სოტკილავა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი დიმიტრი ვეკუა აუდიტორიას ესაუბრნენ. გასული საუკუნის მოვლენების ქრონოლოგია, სახელმწიფოებრიობადაკარგული ქვეყნის სიძნელეები, ბრძოლა თავისუფლების მოსაპოვებლად, ამ თავისუფლების და დამოუკიდებლობის შემოქმედი ადამიანები - ეს იყო ორივე მომხსენებლის ლექციის მთავარი აქცენტი.

„საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ყოველთვის წინ უძღვოდა ეკლესიის გაძლიერება, ეკლესიის განახლება. ასე მოხდა გასული საუკუნის დამდეგსაც, როცა ავტოკეფალიაწართმეული, დამოუკიდებლობაწართმეული ქართული ეკლესია მამულიშვილების ღვაწლით აღიდგენს თავის ავტოკეფალიას, რომელსაც ძალიან მალე მოჰყვება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადება. ძალიან სიმბოლური გახლდათ ეს ყველაფერი. მერე რა, რომ მალე დაიკარგა. მან თავისი მნიშვნელოვანი როლი მაინც შეასრულა“, - აღნიშნა ეროვნულ სიძველეთა მკვლევარმა.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

31 მარტთან დაკავშირებით, მანამდე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“.