ახალი ამბები
სენაკში გაზის გაძვირების და პირვანდელ ფასზე დაბრუნების მიზეზები
სენაკის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასური ისევ ძველ ღირებულებას დაუბრუნდა. ეს ინფორმაცია „ლაივპრესს“ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავამ დაუდასტურა. მისი თქმით, მომხმარებლებმა უკვე მიიღეს შეტყობინება ცვლილების შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე მოიწვიეს კომპანია „გასკო პლიუსის“ მენეჯერი, რომელმაც განმარტა ის მიზეზები, თუ რამ გამოიწვია ტარიფის ჯერ გაზრდა, შემდეგ კი ისევ შემცირება. ჯუმბერ ლაშქარავამ გვითხრა, რომ გადაწყვეტილება კომპანიამ ენერგეტიკის სამინისტროს და მოსახლეობის პროტესტის შედეგად მიიღო. 68,8 თეთრის ნაცვლად სენაკელები კვლავ 40,8 თეთრს გადაიხდიან.

შპს „გასკო პლიუსის“ დირექტორმა დავით ბაღათურიამ „ლაივპრესთან“ საუბარში განმარტა ის მიზეზები და გარემოებები, რამაც ტარიფზე ფასის ცვლილება, შემდგომ კი კვლავ ძველი ღირებულების დაბრუნება განაპირობა. მისი თქმით, კომპანიას ქონდა მთელი რიგი ვალდებულებები, რომელთაც გვერდს ვერ აუვლიდნენ.

„სემეკის 2014 წლის 31 აგვისტოს დადგენილებით, ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება, ერთი წერტილის გაზმომარაგება და ერთი ხელსაწყოს ჩართვა 400 ლარის ოდენობით, კომპანიის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსის მანძილზე - პირდაპირ ვალდებულება დაეკისრა კომპანიას. ეს არის ძალიან ისეთი დანახარჯები, რომლის თვითღირებულება 400 ლარი კი არა ბევრად ნაკლებია. შესაბამისად, დამატებითი ფინანსური ვალდებულებები დაეკისრა კომპანიას. სენაკი არ არის ბოლომდე გაზიფიცირებული. დადგენილება უნდა გავრცელებულიყო გაზიფიცირებულ ქალაქებზე. სენაკიც რატომღაც მოექცა ამ ნუსხაში. ამ ვალდებულებებს თავს ვერ ავარიდებთ. ვასრულებთ ნელ-ნელა შეძლებისდაგვარად, რაც ძალიან დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, - გვითხრა დავით ბაღათურიამ.

მეორე მიზეზი, რაზეც ის საუბრობს, არის შარშან დეკემბერში ბუნებრივი აირის მომწოდებელი კომპანიის მიერ მომდევნო საანგარიშო წლის ხელშეკრულების გაფორმებისას, მოსახლეობისთვის შესასყიდი გაზის ღირებულების დოლარში შეთავაზება. მაშინ, როგორც კომპანიის დირექტორი იხსენებს, დოლარის კურსი 2,80 ნიშნულს გასცდა. ამ პირობებში არ იცოდნენ მომავალში რა იქნებოდა, შესაბამისად მოხდა ტარიფის გადახედვა დერეგულირებადი აბონენტებისთვის, ანუ იმ მოსახლეობისთვის, რომელთა ქსელში ჩართვაც 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ მოხდა. დანარჩენებისთვის ბუნებრივი აირის საფასური უცვლელი დარჩა.

დავით ბაღათურიას თქმით, კომპანია ყოველდღიურად გაზიფიცირების სამუშაოებისთვის მოიხმარს ძირითად და დამხმარე მასალებს, რომლებიც უცხოეთიდან შემოაქვთ. ამიტომ, განმარტავს, რომ მხოლოდ ბუნებრივი აირი კი არა, ეს მასალებიც ძვირდება.

მანვე აღნიშნა, რომ შეეძლოთ 2008 წლიდანვე აემოქმედებინათ ახალი ტარიფი, თუმცა კომპანიის დამფუძნებლების და ხელმძღვანელი პირების კეთილი ნებით, რეგიონში ყველაზე დაბალი ბუნებრივი აირის საფასური სწორედ სენაკში იყო.

„ისე არ ხდება, რომ ხვალ მოსახლეობას მივახალოთ ღირებულების გაზრდის შესახებ. საინფორმაციო საშუალებით უნდა მომხდარიყო ამის გავრცელება. თუ სწორად მახსოვს, შარშან დეკემბერში დაიბეჭდა მასალა „ასავალ-დასავალში“ ტარიფის შეცვლასთან დაკავშირებით. ინფორმაციის გავრცელებიდან ორი თვის შემდეგ შეეძლო დადგენილებით კომპანიას, ტარიფის გაზრდა. ეს ორი თვე დადგა 1 მარტს“, - გვითხრა დავით ბაღათურიამ.

კომპანიის დირექტორი არ უარყოფს, რომ მოსახლეობისთვის შეთავაზებული საფასური მაღალი იყო, თუმცა განმარტავს - ეს სხვადასხვა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო განპირობებული. მისივე თქმით, აქვთ საკუთარი მომხმარებლების წინაშე ვალდებულებაც, უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყონ გაზის მიწოდება. სწორედ ამიტომ, აღნიშნავს, რომ კომპანია ქმედითი და გადახდისუნარიანი უნდა იყოს.

„დღევანდელი გადასახედიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ჩაერთო ამ საკითხების მოგვარებაში ენერგეტიკის სამინისტრო, სემეკიც და დოლარზე მიბმული ფასი შეჩერდა. შესაბამისად დაგვიტოვეს იგივე ფასი, რა ფასშიც გვაწვდიდნენ წლების განმავლობაში“, - განმარტა მან.

დავით ბაღათურიას თქმით, მომავალში ფასის კომპანიის მიერ გადახედვა არ იგეგმება. ეს მანამ, ვიდრე სემეკი არ მიიღებს ახალ ტარიფს. ის იმედოვნებს, რომ ფასი არ შეუშლის ხელს კომპანიის ფუნქციონირებას.

ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდის თაობაზე სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა კუჭავამ 12 აპრილს გამართულ სხდომაზე განაცხადა. სიახლის შესახებ არც ის და არც საკრებულოს თავმჯდომარე ინფორმირებული არ ყოფილან.

კომპანია „გასკო პლიუსმა“ სენაკის მომხმარებლებს გაზის ტარიფი ორი წლის წინაც გაუძვირა, თუმცა საპროტესტო აქციების გამართვის შემდეგ მომატებული თანხა მომხმარებლებს დაუბრუნა.