ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუში 22 კერძო სახლს და რემდენიმე ობიექტს სახურავი გადახადა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გამგებელმა დათო გაგუამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აბონენტების 90%-ს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. გამგებლის ცნობითვე, 23 აპრილს 17:00 საათისთვის ამოვარდნილმა გრიგალმა რამდენიმე სოფელში შექმნა პრობლემები. კერძოდ, სოფელ ნაფიჩხოვოში, ზუმში, ხაბუმეში, ლესიჭინესა და კირცხში ამ დროის მონაცემებით 22 კერძო სახლს გადახდილი აქვს სახურავი; წაქცეულია რამდენიმე ათეული ხე.

კერძო სახლების პარალელურად დაზიანებულია რამდენიმე საბავშვო ბაღის სახურავი. გადახდილია ასევე სოფელ კირცხში, სარაქონის უბნის ცენტრში არსებული კულტურის სახლის სახურავი, სადაც დევნილებიც ცხოვრობენ. როგორც დათო გოგუა განმარტავს, ეღნიშნული შენობა დროებით, სხვადასხვა სამშენებლო მასალებით გუშინ სასწრაფოდ გადახურეს.

„რაც შეეხება გადახურვით სამუშაოებს. ეს მეტნაკლებად მასშტაბურია და სანამ არ გამოიყოფა შესაბამისი თანხები, დროებითი პრევენციის ზომები ჩვენ მიღებული გვაქვს და კიდევ მივიღებთ. თუ თანხები იმაზე ნაკლები იქნება ვიდრე ჩვენ ამ ეტაპისთვის გვგონია რა თქმა უნდა ჩვენ ადგილობრივი ბიუჯეტითაც უფრო ოპერატიულად ვიმოქმედებთ და გადავხურავთ, დავეხმარებით დაზარალებულ ოჯახებს, მაგრამ თუ ზარალი 80-100 ათას ლარს გაცდება, ჩვენს ბიუჯეტს სამწუხაროდ არ არქვს ამის შესაძლებლობა. სტიქიის სალიკვიდაციო ფონდში ჩვენ არ გვაქვს იმდენი თანხები, რომ მთლიანობაში მოხდეს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება”, - განუცხადა „ლაივპრესს“ დათო გოგუამ.

მისი ინფორმაციით, აქტიურად თანამშრომლობენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან. ჩხოროწყუს გამგებელი იმედოვნებს, რომ ზარალის აღმოფხვრა ოპერატიულად მოხდება.

ჩხოროწყუს პარალელურად 23 აპრილს დაფიქსირებულმა ძლიერმა ქარმა დააზარალა ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები.