ახალი ამბები
პრემიერი კონგრესმენების წერილზე: ეს მეტყველებს, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად და ჩვენი მტკიცე პარტნიორობის კიდევ უფრო მხარდასაჭერად, 30-მა კონგრესმენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდამჭერი წერილი გაუგზავნეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი წერილი კიდვ ერთხელ შეაფასა.

პრემიერის თქმით, წერილში ხაზგასმულია პარტნიორობის მნიშვნელობა, წარმატებები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის, ასევე დემოკრატიული განვითარების გზაზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ოკუპაციის პრობლემებისა, საქართველო კვლავ რჩება ანტიტერორისტული ოპერაციების მტკიცე მხარდამჭერად. პარალელურად, მხარდაჭერა გამოხატულია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებისთვის, რასაც მიიჩნევს, რომ მისასალმებელია.

„საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული კონგრესის მიერ. ეს იყო ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის კუთხით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ის. გასული 25 წლის განმავლობაში ეს ასე იყო და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაშიც ჩვენ შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა შევქმნათ. ეს არის გარანტი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე განწყობა არის სენატშიც და ერთი წუთით ეჭვიც არავის ეპარება იმაში, რომ ზუსტად ასეთი სულისკვეთება გააჩნია აშშ-ის პრეზიდენტს“,- განაცხადა პრემიერმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, 2017 წლის 2 მაისს საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ორპარტიულ ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ გააძლიეროს საქართველოსთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობები. უმნიშვნელოვანესია, რომ აშშ-მა გააგზავნოს ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, ისევე როგორც ეს ქართველმა ხალხმა გააკეთა ჩვენთვის“, - ვკითხულობთ აშშ-ის რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენთა ერთობლივ წერილში.