ახალი ამბები
სენაკელი გამომგონებელი ბავშვები ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში [ფოტო]
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის ხუთი მოსწავლე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში იმყოფება. ისინი ერთკვირიან სასწავლო პროგრამაზე დასწრების პარარელურად, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ. ამერიკის ხმის ქართული რედაქციის „ფეისბუკ“ გვერდი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ბავშვები ყვებიან იმაზე, თუ რა გზა გაიარეს აქ მოსახვედრად. გაიხსენეს გამარჯვების პირველი ემოციები, პროექტი, რამაც მათ წარმატება მოუტანა.

ერთ-ერთმა მოსწავლემ, გვანცა ჩიქოვანმა ისაუბრა უკვე კოსმოსურ ცენტრში გამართულ კონკურსებზე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდების მონაწილეობით, სადაც მათ პირველი და მესამე ადგილები დაიკავეს. აქ შექმნეს ჯავშანი, რომელიც სხეულს ან ნივთს იცავს მაღალი ტემპერატურისგან. მოამზადეს მეორე პროექტიც ჯავშნის, რომელიც სხეულს ან ნივთს დაბალი ტემპერატურისგან იცავს.

„ვათვალიერებთ NASA-ს ლაბორატორიებს, მუზეუმებს. ვნახულობთ ისეთ ადგილებს, სადაც ჩვეულებრივი დამთვალიერებელი ვერ შეაღწევს“, - ამბობს სენაკელი დეა ჩიტაია.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში ცამეტ ფინალისტს შორის გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, გამარჯვებული „სმართ ქიდს“ გახდა.

ეს წარმატება ახალგაზრდებს მცირე ზომის მოწყობილობამ მოუტანა, რომელიც მათ საკუთარი ხელით, სკოლის ლაბორატორიაში შექმნეს. სენსორებისგან, მაგნიტის თუ სხვა პრიმიტიული ტექნიკური აღჭურვილობისგან დამზადებული მოწყობილობა არის შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისთვის, რომელიც მყისიერად აფიქსირებს ნიადაგში წარმოქმნილ ცვლილებებს და ზღვრული ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში სიგნალს აწვდის აპარატურის ცენტრალურ სერვერს. პარარელურად ამ ინფორმაციის მიღებას ბაზაში დარეგისტრირებული მოსახლეობაც შეძლებს.

ახალგაზრდები მოწყობილობის დამონტაჟებას ნოქალაქევში გეგმავენ.