ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გამგებელს შეიძლება მერი ეწოდოს
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გამგებლის ინსტიტუტის გაუქმება არ იგეგმება და ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები ტექნიკურ ხასიათს ატარებს. მისი განმარტებით, გამგებელს შეიძლება მერი ეწოდოს, რაც ევროპაში საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკაა. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ცვლილება გამგებლის ინსტიტუტს არ ეხება და მხოლოდ სახელწოდებას უკავშირდება.

„მერი ადგილობრივ დონეზე უმაღლეს თანამდებობის პირს ნიშნავს და ამიტომ, ეს ტერმინი აპრობირებულია. გამგებელი ქართული ტერმინია. ხშირად, ეს ტერმინები აღრევას იწვევს. ადამიანებს გონიათ, რომ მერი და გამგებელი სხვა რამეა და სხვადასხვა კომპეტენციები აქვთ. ამ დროს, მერს და გამგებელს ზუსტად ერთნაირი უფლებამოსილებები აქვთ. უბრალოდ, ერთი ქალაქის, მეორე სათემო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია. თუნდაც ამ აღრევის თავიდან არიდებისთვის შეიძლება სწორი იყოს, რომ ერთი ტერმინი - მერი გამოვიყენოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის ფარგლებში, რომ გამგებლის თანამდებობა შესაძლოა გაუქმდეს ამის შესახებ განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გააკეთა.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგია წლის ბოლომდე შემუშავდება. ის ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ერთი თვითმმართველი ერთეულის ჩამოყალიბებას, რომელსაც ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება.