ახალი ამბები
სოფელ ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდიას სკულპტურა დაიდგმება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სკულპტურა დაიდგმება. თემის საკრებულოს თავმჯდომარის, მაიზერ ნანავას განცხადებით, სკულპტურის პროექტირებასა და მშენებლობას 50 ათასი ლარი მოხმარდება.

„ამასთან საინიციატივო ჯგუფთან განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბიუჯეტით გათვალისწლინებული თანხის ფარგლებში ჩატარდეს ზვიად გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მოწყობის სამუშაოები“, - განაცხადა მაიზერ ნანავამ.

თანხა გამოყოფილი იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელშიც 19 მაისს ცვლილებები შევიდა და გაიზარდა. მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით გამოეყო ერთი მილიონ ორმოცი ათასი ლარი. საერთო ჯამში ცვლილებების შედეგად ადგილობრივი ბიუჯეტი განისაზღვრა 25 164 8 ლარით, ნაცვლად 24 124 8 ლარისა.

დეპუტატებმა პირველი პრეზიდენტის სკულპტურის განთავსების წინადადება ერთხმად მოიწონეს და ასევე მხარი დაუჭირეს ბიუჯეტში ცვლილებებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 19 მაისს გამართა რიგგარეშე სხდომა სადაც სხვა საკითხებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე მოიწონა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წერილი მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პირველი პრეზიდენტი იყო 1991 -1992 წლებში. ის 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის სოფელ ძველ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს. ზვიად გამსახურდიას ცხედარი დაკრძალეს სოფელ ჯიხაშკარში, თუმცა მალევე გადაასვენეს გროზნოში, 2007 წელს კი საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

1994 წელს გამოძიება პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, 2015 წელს კი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გადააკვალიფიცირა.