ახალი ამბები
მუნიციპალიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ ზუგდიდში აქცია იმართება
მოქალაქეთა ნაწილმა თვითმმართველობებში მოსალოდნელი ცვლილება, - მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანება ზუგდიდის მერიის წინ გააპროტესტა. მოგვიანებით აქციამ გამგეობასთან გადაინაცვლა და ამ წუთებშიც გრძელდება.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები: „მთავრობა ცეცხლს ნუ ეთამაშები“, „ზუგდიდი ყველას გვაერთიანებს“, „ზუგდიდი ქალაქია!!!“, „დაიცავი შენი ქალაქი“ და „თვითმმართველობა ხალხს“. აქციის მონაწილეებმა მერიასთან ყვავილების გვირგვინიც მიიტანეს.

მანამდე აქციაზე სიტყვით გამოვიდა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი თენგიზ ჯგუშია. მისი თქმით, დღეს თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს პროტესტით ეხმაურება როგორც მოქალაქე და არა როგორც რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივა, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოები უსიტყვოდ ემორჩილებიან და მხარს უჭერენ, რეალურად დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამთავრობო კომისიამ ზუგდიდის საკრებულოებს ქალაქ ზუგდიდის და თემის გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წერილიამოუგზავნა. მუნიციპალიტეტის საკრებულომ დოკუმენტი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის პროტესტის ფონზე მოიწონა. ქალაქის საკრებულოში კი ამ საკითხის განხილვა ჯერ არ ყოფილა, თუმცა თემას დაპირისპირება და მწვავე დისკუსია უკვე მოჰყვა იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე.