ახალი ამბები
დავით სერგეენკო ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებებს შეუერთდა [ვიდეო]
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. მან ადგილობრივებს 26 მაისი მიულოცა და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ პავილიონში, სიმულაციურ სწავლებაში ჩაერთო. მინისტრმა სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ტრენერთან ერთად, მაღალტექნოლოგიური სიმულატორების და მულაჟების გამოყენებით, დაინტერესებულ პირებს გადაუდებელი დახმარების მართვის მაგალითები უჩვენა.

დავით სერგეენკომ ბავშვებისთვის სათამაშო სამედიცინო აღჭურვილობით მოწყობილი სივრცეც დაათვალიერა და მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან მოსახლეობას 26 მაისი მიულოცა.

„ჩვენმა ქვეყანამ მართლაც მძიმე და ეკლიანი გზა გაიარა, მაგრამ მივაღწიეთ მთავარ ღირებულებებს - თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. განსაკუთრებით მინდა ეს დღე სამეგრელოს რეგიონს მივულოცო. ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ღონისძიებები სწორედ აქ ჩაეტარებინა, რადგან ჩვენთვის ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც გვინდა სამეგრელოში. აქ ყოფნა კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი უღრმესი პატივისცემისა სამეგრელოსადმი“, - განაცხადა მინისტრმა.

მთელი დღის განმავლობაში, ცენტრალურ მოედანზე განთავსებულ მობილურ ამბულატორიასა და კარავში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და დაავადებათა კონსტროლის ცენტრის სპეციალისტები ადგილობრივებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგს ჩაუტარებენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილის აღსანიშნავად ლოზუნგით - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ მიმდინარეობს.