ახალი ამბები
ზუგდიდის მერიას საცურაო აუზის მშენებლობის პროექტი უკან დაუბრუნეს
ზუგდიდში, ენგურის (კომბინატი) უბანში საცურაო აუზის მშენებლობის, სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქციის პროექტს, რომელიც მერიამ მოამზადა, მისივე ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდი განიხილავს.

„მიმდინარე ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდში მიმდინარეობს პროექტის განხილვა. პროექტის ღირებულება 5 მილიონ 400 000 ათასი ლარია“, - განაცხადა „ლაივპრესს“ მერიის პრესსამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ.

თავის მხრივ, მუნიციპალური განვითარების ფონდში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ მერიას სპორტული კომპლექსის პროექტი უკან დაუბრუნეს.

„შემოტანილი იყო ეს პროექტი, ჩვენ გვქონდა გარკვეული სახის შენიშვნები და უკან დავუბრუნეთ ზუგდიდის მერიას. ჩასწორებული, საბოლოო სახის პროექტი ჯერ არ მიგვიღია“, - გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდში.

ზუგდიდში საცურაო აუზის მშენებლობას ქალაქის მერი, ირაკლი გოგხია თანამოქალაქეებს ორი წლის წინ დაჰპირდა, როცა ის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარსდგა.

„მოლაპარაკებას ალბათ დავამთავრებთ და გვინდა, რომ რეაბილიტაცია წელს დაიწყოს იმ საცურაო აუზის, რომელიც არის კომბინატში“, - თქვა მერმა 2015 წლის 7 თებერვალს.