ახალი ამბები
სოფელ ცაიშში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისული ცენტრი მოეწყობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისული ცენტრის გახსნა იგეგმება. ის სოფლის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე განთავსდება. ცაიშში ცენტრს მოაწყობს კავშირი - ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“.

„ჯერ პროექტი მზად არ არის, მაგრამ ისეთ დონეზეა, რომ დადებითად უნდა გადაწყდეს. შენობის სიმტკიცეს უნდა კომისიის დასკვნა. მიმდინარეობს უკვე ამ სიმტკიცის გაანგარიშება, შენობის, თუ რა დაჯდება. სამი წელი თვითონ გააკეთებენ ყველაფერს, თვითონ დააკომპლექტებენ და შემდგომ ჩვენ გადმოგვეცემა. ეს იქნება სოციალური ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც უნდა განვახორციელოთ“, - განუცხადა „ლაივპრესს“ ზუგდიდის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა გოგი რევიამ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“ პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ცაიშში მსგავს სივრცეს მათი და ზუგდიდის გამგეობის თანადაფინანსებით მოაწყობს.

ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა ირინა ჯაფარიძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ მშენებლობის დაწყება შემდგომაზე იგეგმება, ცენტრის ამოქმედება კი სავარაუდოდ 2018 წლის დამდეგს უნდა მოხდეს.

გოგი რევიას თქმით, 2015 წელს სამი სტატუსმინიჭებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ჰყავდათ, 2016-ში ორი, მიმდინარე წელს კი ჯერჯერობით ერთი.

„როცა დაგვჭირდა ამის გაკეთება, ძალიან გაგვიჭირდა. არსად არ იყო ხელმისაწვდომ ადგილას და ძალიან დიდი ჩარევის შემდეგ თბილისში გავგზავნეთ. სამეგრელოს რეგიონში არსად არ გვაქვს, და იქნება კარგი, თუ გვექნება“, - განუცხადა „ლაივპრესს“ გოგი რევიამ.

კავშირი - ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელმა ნანა ხოშტარიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ სხვა პროექტის ფარგლებში კრიზისული ცენტრები ჰქონდათ თბილისში, გორსა და ზუგდიდში 2008-2016 წლებში.