ახალი ამბები
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამეგრელოს პრეპარატები და ტექნიკა გადაეცა [ვიდეო]
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე მცენარეთა მავნებლის, ე.წ. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას სენაკში გაეცნენ.

მათ დაათვალიერეს სპეციალური ტექნიკური მოწყობილობები და პრეპარატები, რომელიც საქართველოს მთავრობას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, უსასყიდლოდ გადასცა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პარტნიორების მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს რამდენიმე მიმართულებით განეხორციელებინა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები. ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში წამყვანი ენტომოლოგების ჩართულობით, ოპერატიულად მომზადდა მავნებელთან ბრძოლის სტრატეგია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს ქიმიური წამლობის სწორად დაგეგმვას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად ჩატარება მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვის და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად:

„მინდა მოვახსენო მოსახლეობას, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო იმყოფება სრულ მზადყოფნაში და როცა დადგება ის პერიოდი, როცა უნდა ჩავებად აქტიური ღონისძიებებით, მაშინვე ჩავერთვებით“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისის ინფორმაციით, მავნებელმა ზიანი მიაყენა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროდუქტს, თხილს. მისი განმარტებით, საქართველოს დახმარების მიზნით პროექტის ფარგლებში უკვე დახარჯეს 3 მილიონ ლარზე მეტი.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას განცხადებით კი პროექტის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე მოახერხა და შეიძინა ყველა ის საჭირო პრეპარატი და ტექნიკა რაც აუცილებელია მავნებელთან ბრძოლისთვის.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აპრობირებულია საქართველოში. მათივე ცნობით, მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.