ახალი ამბები
წალენჯიხის გამგებელი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია სოფელ მედანის და საჩინოს მცხოვრებლებს შეხვდა, რომლებიც ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ.

გამგებელმა მათ განუმარტა, რომ გზების მშენებლობის დაწყება ჩაშლილი ტენდერის მიზეზით ვერ მოხერხდა.

„პირველად ტენდერი აღნიშნულთან დაკავშირებით 2016 წელს გამოცხადდა, თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ მაშინ ვერ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაციები, რის გამოც მისი ხელახლა გამოცხადება გახდა საჭირო. ტენდერის დასრულების შემდეგ შემუშავდა პროექტები, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს წარედგინა. აქ ამ დრომდე მისი დეტალურად დამუშავება მიმდინარეობს“, - განმარტა გამგებელმა.

ბესიკ ფარცვანიას თქმით, უახლოეს მომავალში ელოდებიან სამინისტროსგან პროექტებს, რომლის მიხედვითაც მოხდება სამუშაოების დაწყება. მანვე აღნიშნა, რომ საკმაოდ მსხვილი პროექტია, რადგან მარტო საჩინოს გზა სამი მილიონი ჯდება.

რაც შეეხება სოფელ მედანში სასმელი წყლის პრობლემას, გამგებლის თქმით, აღნიშნულ საკითხში არ არის „ღრმად გარკვეული“, ამ დღეებში გაეცნობა პრობლემას და ორშაბათს ექნება პასუხი, თუ რასთან გვაქვს საქმე. ბესიკ ფარცვანიას თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც მის გამგებლობამდე განხორციელდა.

სოფელ საჩინოს და მედანის მოსახლეობამ წალენჯიხის გამგეობის შენობასთან რამდენიმე მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. საჩინოს და მედანის მცხოვრებლებმა ცენტრალური გზების რეკოსნტრუქცია მოითხოვეს. მედანში გზის გარდა სასმელ წყალსაც ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ საკითხების მოუგვარებლობის შემთხვევაში მათი პროტესტი უფრო მწვავე ფორმას მიიღებს.