ახალი ამბები
კობახიძე: კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით.

შესაბამისი განცხადება მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. კობახიძის თქმით, ცვლილების მთავარი ამოცანა არის, რომ გარკვეულ ჯგუფებს არ მიეცეთ საშუალება ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობის გაღვივებისთვის.

„იურიდიული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ქორწინების დეფინიცია უნდა შეესაბამებოდეს სოციალურ აღქმას და სოციალური აღქმა ზუსტად არის ასახული პირველ პუნქტში. ეს არ ნიშნავს დისკრიმინაციის რაიმე ფორმით წახალისებას, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჯგუფის, მათ შორის უმცირესობების უფლებებს და ინტერესებს. შესაბამისად, ეს ჩანაწერი ვერ გახდება დისკრიმინაციის საფუძველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.