ახალი ამბები
სენაკელი ბავშვები NASA-ს წარმომადგენელს თბილისში შეხვდნენ [ფოტო]
NASA-ს ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგამების დირექტორი შონ ფულერი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ სენაკელ ბავშვებს და სხვა მონაწილეებს შეხვდა. მათ თბილისის ტექნოპარკში NASA-ს წარმომადგენელს გააცნეს საკუთარი ინოვაციური გამოგონებები და ისაუბრეს ამ ყველაფრის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებზე.

პარალელურად შონ ფულერმა გამართა საჯარო ლექცია ტექნოლოგიების და ინოვაციების მნიშვნელობაზე.

მისი ვიზიტი ორგანიზებული იყო საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინჟინერიის და ტექნოლოგიების დისციპლინების მიმართ ინტერესის წახალისებას.

შონ ფულერს განათლება საინჟინრო ფიზიკაში აქვს მიღებული და 1997 წლიდან მუშაობდა NASA-ს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისიების, ასტრონავტების გამგზავრების მომზადებაზე, მათ შორის თავად ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექსპედიცია 1-ის გაფრენას.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის ხუთმა მოსწავლემ - „სმართ ქიდსმა“ აიმარჯვა პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრნენ, სადაც ერთკვირიან სასწავლო პროგრამას დაესწრნენ.

ეს წარმატება ახალგაზრდებს მცირე ზომის მოწყობილობამ მოუტანა, რომელიც მათ საკუთარი ხელით, სკოლის ლაბორატორიაში შექმნეს. სენსორებისგან, მაგნიტის თუ სხვა პრიმიტიული ტექნიკური აღჭურვილობისგან დამზადებული მოწყობილობა არის შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისთვის, რომელიც მყისიერად აფიქსირებს ნიადაგში წარმოქმნილ ცვლილებებს და ზღვრული ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში სიგნალს აწვდის აპარატურის ცენტრალურ სერვერს. პარარელურად ამ ინფორმაციის მიღებას ბაზაში დარეგისტრირებული მოსახლეობაც შეძლებს.