ახალი ამბები
გზა ევროპის ბაზრისკენ - მეგრელ ფერმერებს სტანდარტები გააცნეს [ვიდეო]
რას ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა (DCFTA) და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქტი, რომ ის ევროპის ბაზარზე მოხდეს, ინფორმაცია ამის შესახებ მეგრელ მეწარმეებს და ფერმერებს მიაწოდეს. შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატის საინფორმაციო შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, საქართველოში უნდა დაინერგოს სტანდარტები, რომელიც დააკმაყოფილებს ევროპის ბაზრის მოთხოვნებს რაც ითვალისწინებს პროდუქტის ხარისხს და ამ ხარისხის სტაბილურობას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნა თავისთავად დამოკიდებულია ფინანსურ ხარჯებთან, რისთვისაც სახელმწიფოს სხვადასხვა სახის პროგრამები გააჩნია. მათ შორის გენადი არველაძემ აღნიშნა, რომ არის დაბალპროცენტიანი სესხის პროგრამა რაც დაეხმარება ფერმერს პირველ ეტაპზე პროდუქტის დახვეწაში.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის სიტყვებითვე, სხვადასხვა პროდუქტებზე არის განსხვავებული მოთხოვნები, შესაბამისად დაინტერესების შემთხვევაში როგორც ეკონომიკის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროები და ყველა ამ სფეროში ჩართული უწყება მზად არის ამ მხრივ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ფერმერებს და მეწარმეებს.

საკუთარ მომსახურებას სთავაზობს კერძო სექტორს სავაჭრო-სამრწველო პალატა. მისი წარმომადგენლის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის მოსაზრებით, აუცილებელია აქტიურობა და პროცესში რაც შეიძლება მეტი ფერმერისადა მეწარმის ჩართულობა. მისი სიტყვებით, მწარმოებლებს მეტწილად აინტერესებთ ფინანსებთან ხელმისაწვდომობასთან, ექსპორტთან და რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნოდარ კერესელიძის განმარტებით კი, ინფორმაციის მიწოდების პარალელურად შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს ფერმერების და მეწარმეების პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება რათა შესაბამისმა სამინისტროებმა ის გაითვალისწინონ. სწორედ მას მოუწია დღეს შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ყველაზე მეტ კითხვაზე პასუხის გაცემამ. პრობლემურ საკითხად კი დაისვა სამეგრელოში თხილზე გავრცელებული მავლენბლები და დაავადებები. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სახლემწიფოს საამისოდ მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები და სპეციალისტები ჰყაქვს მოწვეული. მიუხედავად აქტიური მუშაობისა ნოდარ კერესელიძემ განმარტა, რომ აზიური ფაროსანას, რომელიც თხილის კულტურის მთავარ მავნებლად იქცა განადგურება სრულად პრაქტიკულად შეუძლებელია და სახელმწიფოს ყოველწლიურად მოუწევს ამ პრობლემასთან გამკლავება.

შეხვედარაზე თხილთან ერთად ისაუბრეს მეგრული თაფლის მომავალზე და მის პოტენციალზე. კოოპერატივ „მუხურის ფუტკრის“ დირექტორმა ბონდო აბაშიძემ სახელმწიფოსგან მეფუტკრეობის განვითარებისთვის მეტი ფინანსების გამოყოფა ითხოვა. მისი თქმით, მუხურის ფუტკარს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს და მას დიდი პოტენციალი აქვს ევროპის ბაზარზე, რასაც სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, სამომავლო სამოქმედო გეგმაში მეწარმეებისა და ფერმერების წინადადებები შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული.

2014 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ნაწილი. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას.