ახალი ამბები
დეპუტატი 1999 წლის საკრებულოს დადგენილების აღსრულებას ითხოვს [ვიდეო]
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი თენგიზ ხარჩილავა ითხოვს 1999 წლის 30 მარტის დადგენილების აღსრულებას, რომელიც მაშინდელმა ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო. კერძოდ, საუბარია მეოთხე საჯარო სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე. იმ დროს ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დღევანდელი ინიციატივის ავტორი ასრულებდა. დადგენილების ფურცელზეც მისი ხელმოწერა ფიქსირდება.

თენგიზ ხარჩილავას თქმით, ეს დადგენილება ექვსი პუნქტისგან შედგებოდა, რომელთა ნაწილი მაშინვე შესრულდა, მათ შორის პირველი პრეზიდენტის 61 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ზუგდიდის ქაღალდის“ კულტურის სასახლეში კონფერენციის ჩატარების, და მუზეუმიდან პირველ საშუალო სკოლამდე ცენტრალური ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას გამზირის წოდების შესახებ.

„ხელისუფლების სათავეში იყო „მოქალაქეთა კავშირი“. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიცია იყო. ეს დადგენილება მიიღო, მაგრამ შემდგომ განხორციელებაში ამას ხელისუფლებამ ხელი შეუშალა. მინდა დღეს ეს საკითხი ოქმში შევიდეს“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

თუ რატომ მეოთეხე საჯარო სკოლა, თენგიზ ხარჩილავას განმარტებით, მაშინ მათ აღნიშნულ საკითხს შემდეგი დატვირთვა მისცეს - სკოლა ჯერ კიდევ რუსული იყო, და რადგან ეს ენა ისწავლებოდა, მას ზვიად გამსახურდიას სახელი მინიჭებოდა.

მოცემული დადგენილების კიდევ ერთი პუნქტის თანახმად, ს/ს „ზუგდიდის ქაღალდის“ ხელმძღვანელობას საიუბილეოდ, სისტემატურად უნდა დაემზადებინა სკოლის მოსწავლეებისთვის რვეულები, პირველი პრეზიდენტის გამოსახულებით. მაშინ ეს თხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა, საწარმოს დახურვის მიზეზით.

ამას გარდა, იონა მეუნარგიას სკვერს უნდა დარქმეოდა ზვიად გამსახურდიას სახელი, თუმცა თენგიზ ხარჩილავას თქმით, ამ დადგენილებას აღსრულება არ მოჰყოლია, რადგან ხელისუფლებამ მიიჩნია, მეუნარგია გამსახურდიაზე არანაკლები პერსონა იყო.

1999 წლის საკრებულომ ასევე დაადგინა, სახელმწიფო თეატრის წინ ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერის გახსნა.

„საჭიროა, რომ ესეც განხორციელდეს. შეიძლება გვიან მოხდეს, მაგრამ რო აღსრულდეს, ამით არაფერი დაშავდება“, - განმარტა დეპუტატმა.

საკუთარი ინიციატივა გააჟღერა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამაც. აღნიშნა, რომ მისი და ბევრი ადამიანის სურვილია, ზუგდიდში გაიხსნას სკვერი, ან ქუჩას ეწოდოს სოხუმის მერის, გურამ გაბისქირიას სახელი:

„მან არ დაუჩოქა ჩვენს მტრებს და მან ღირსეულად დაიცვა საქართველოს სახელი და გულით ატარა. თუ შეიძლება შევისწავლოთ საკითხი და სადმე გამოსაჩენ ადგილას ან სკვერი შეიქმნას, ან ქუჩას დავარქვათ მისი სახელი“.

მის საპასუხოდ ეკონომიის და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ აღნიშნა, რომ უკვე მუშაობს საკითხზე და საკრებულოს წერილით უახლოეს დღეებში მიმართავს.

„ჩვენი აზრები დაემთხვა ერთმანეთს. გურამ გაბისქირიას სახელობის ქუჩა მინდა მივანიჭოთ თაბუკაშვილის ქუჩის შესახვევს, რომელიც შედის დევნილთა დასახლებაში. ცალკე ქუჩაა“, - განმარტა მან.