ახალი ამბები
პრემიერი ფაროსანაზე: ასეთ პრობლემასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია [ვიდეო]
მე კარგად ვიცი, რამხელა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა წელს სამეგრელო იმის გამო, რომ თქვენი მოსავალი სერიოზულად დააზიანა აზიურმა ფაროსანამ. სოფლის მეურნეობა, ზოგადად, ყველა ქვეყანაში არის მაღალ რისკიანი დარგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა“ და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, მერობის კანდიდატების წარდგენაზე.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ამ მავნებელთანაც ისევე შეძლებენ გამკლავებას, როგორც ეს მოხდა ამერიკული პეპლის თუ სხვა მწერების შემთხვევაში. ამისთვის კი, როგორც განმარტა, ერთობლივი ძალისხმევა იქნება საჭირო.

„ჩვენ ჩავრთეთ ავიაცია, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად გავუმკლავდეთ მას. ფართობები ამჟამად მუშავდება მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების - ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული მაღალი ხარისხის და მაღალი ეფექტურობის პრეპარატებით. ასეთ პრობლემასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და საერთო მობილიზება. ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა შევუტიოთ, რათა რეალური შედეგი დადგეს და უკვე წელს ვიფიქროთ, როგორ შევამციროთ პრობლემა მომავალი წლისთვის. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ძალისხმევას დახარჯავს ამ რეგიონში მეტი პროგრამის და მეტი შეღავათიანი სესხის დაფინანსებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ადგილობრივი მოსახლეობა ზარალის დათვლას და კომპენსაციას ითხოვს. მათ საპროტესტო აქციაც რამდენჯერმე გამართეს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ანაზღაურების შესახებ „ლაივპრესის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს.

გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში სამეგრელოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.