ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლების მოსახლეობა გუბერნიის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. მიტინგის მონაწილეებმა ასფალტზე გაფუჭებული ხილ-ბოსტნეული გამოფინეს, იმის ნიშნად, რომ აზიურმა ფაროსანამ მათ საარსებო წყარო გაუნადგურა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ გუბერნატორთან შეხვედრას, ასევე ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას და შემდეგ ზარალის ანაზღაურებას.

სოფლის მცხოვრებლები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ, ასევე გეგმავენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს გამოუცხადონ ბოიკოტი.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ტროტუარს, სადაც მომიტინგეები არიან შეკრებილი, რკინის კონსტრუქციები შემოავლეს. მობილიზებულია პოლიციაც. აქციის მონაწილეებთან იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე.