ახალი ამბები
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ზუგდიდში სოფლის მოსახლეობის საპროტესტო აქციაზე [ფოტო]
საპროტესტო აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასა და ნაციონალური მოძრაობის წევრ ანა წითლიძეს შორის. კოდუამ წითლიძეს პროვოკატორი უწოდა და უთხრა, რომ აჟიოტაჟი სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ ატეხა. დავით კოდუამ ანა წითლიძეს წარუდგინა ასევე ბლანკები, რომელიც პარტიის მიერ სოფლებში შექმნილ მოსავლის ზარალის დამთვლელ შტაბებშია შევსებული.

გუბერნატორის მოადგილემ რამდენიმე მომიტინგე შენეობაში შეიყვანა, მშვიდ გარემოში მოსალაპარაკებლად.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავს. მიტინგის მონაწილეებმა ასფალტზე გაფუჭებული ხილ-ბოსტნეული გამოფინეს, იმის ნიშნად, რომ აზიურმა ფაროსანამ მათ საარსებო წყარო გაუნადგურა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ გუბერნატორთან შეხვედრას, ასევე ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას და შემდეგ ზარალის ანაზღაურებას.

სოფლის მცხოვრებლები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობას პოლიციის ცოცხალი ჯაჭვია შემოვლებული.