ახალი ამბები
გამგებლის მოადგილე ზუგდიდის აქციაზე: კომპენსაციის საკითხი არ დგას, საუბარია სახელმწიფო პროგრამების გაძლიერებაზე [ფოტო]
აზიური ფაროსანასგან დაზარალებული ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლების მოსახლეობის დილიდან მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. ერთ-ერთმა მონაწილემ გელა შედანიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ისინი მოიცდიან კიდევ ორი დღე და დაელოდებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხს მოთხოვნებზე, რისი პირობაც მათ გუბერნატორის მოადგილისგან მიიღეს.

დაპირისპირება, ცენტრალური ქუჩის გადაკეტვის მცდელობა, მავნებელი მწერისგან გაფუჭებული თხილის და ხილ-ბოსტნეულის დემოსტრაციულად დაყრა ადმინისტრაციასთან - ასე ვითარდებოდა დილიდან მოვლენები.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა სახელმწიფო სხვა კუთხით ჰპირდება სოფლის მოსახლოებას მხარდაჭერას. კერძოდ, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა იგეგმება როგორც აზიურ ფაროსანასთან, ასევე აღმოჩენილ 17 სოკოვან დაავადებასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

„სახელმწიფო აპირებს იმ პროგრამების გაძლიერებას, იქნება ეს ჯანდაცვის თუ სოციალური პროგრამები, რომლებიც ირიბად მოახდენს გავლენას სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე. ასევე დაგეგმილია სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს კომპლექსური ღონისძიებების გატარებას, რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით. ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა კომლს და ოჯახს დაურიგდება გარკვეული რაოდენობის შესაწამლი პრეპარატი. ეკიპირებაც, რაც უზრუნველყოფს შეწამვლის სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებას“, - განმარტა მამუკა წოწერიამ.

მისივე თქმით, პარარელურად აგრძელებს ტექნიკა დაზიანებული ფართობების დამუშავებას. რაც შეეხება სოკოვან დაავადებებს, რომელზეც როგორც გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, მოდის თხილის და სხვა მოსავლის განადგურებული მოსავლის დიდი წილი, მოსახლეობას ურიგდება საინფორმაციო ბროშურები. ამ ბროშურებში დატანილია ცნობები, აგროტექნოლოგიური პროცედურების შესახებ, რაც ქიმიურ და მექანიკურ დამუშავებას მოიცავს.

რაც შეეხება მოსახლეობას, მათ გუბერნატორის მოადგილეს შემდეგი მოთხოვნები გააცნეს - პრემიერის ჩამოსვლა რეგიონში და დაზარალებულებთან შეხვედრა, კომპენსაცია, საბანკო ვალდებულებების გადავადების საკითხში შუამდგომლობა და მთელი რიგი ქმედებების გატარება, მომავალში პრევენციის მიზნით.

„ჩვენ გუბერნატორის მოადგილისგან მივიღეთ დაპირება, რომ ის გადასცემს ამ მოთხოვნას ცენტრალურ ხელისუფლებას. ორ დღეში მოსახლეობას ეცოდინება, როგორი იქნება პრემიერის პასუხი“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანა წითლიძემ, რომელიც დილიდან აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდა.

მანამდე ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, მოსახლეობას და გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კოდუამ წითლიძეს მიმართა, რომ სწორედ ის არის დღევანდელი აქციის მაპროვოცირებელი, რომ უკვე მერამდენედ იყენებს უბარლოდ ადამიანებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამის დასტურად მან წარმოადგინა ე.წ. ბლანკი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ოჯახებს სოფლებში ურიგებს, ზარალის აღწერის მიზნით. მის ამ სიტყვებს შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი რკინის ბარიკადების გარღვევასაც შეეცადნენ, თუმცა მათ ამის საშუალება მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.

შეკრებილების თქმით, თხილის მოსავლის განადგურებამ მათი ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გააუარესა, რომ ზოგს ბავშვი სკოლაში ამ დრომდე არ გაუშვია, ტანსაცმლის და სხვა საჭირო ნივთების უქონლობის გამო.

„შიმშილის ზღვარზე ვართ. გვიშველეთ“, - განმარტავენ აქციის მონაწილეები.

კომპენსაციის მოთხოვნით საპროტესტო შეკრება მოსახლეობამ მანამდეც არაერთხელ გამართა. ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ მყოფმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ლაივპრესს“ კითხვის პასუხად უთხრა, რომ სახელმწიფოს დღეს ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობა არ აქვს.

შეკრებილების თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში განაგრძობენ საპროტესტო აქციებს, არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ და ხელისუფლებას სოფლებში კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.