ახალი ამბები
გალის შეხვედრა - სოხუმის მტკიცებით, ქართველებს ეთნიკური ნიშნით განათლების მიღება მშობლიურ ენაზე არ ეზღუდებათ [ვიდეო]
დასრულდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული მორიგი შეხვედრა. მთავარ საკითხად ამჯერადაც თბილისის დელეგაციამ გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემა და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა დააყენა. ასევე ხურჩაში ბორდერიზაციის თემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ მათი პოზიცია უცვლელია, და რომ ისინი განაგრძობენ ამ საკითხის განხილვას სხვა, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა საკითხი 24 აგვისტოს, ზუგდიდიდან გალის მიმართულებით გადაადგილებისას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ მანუჩარ წუშბაიასთან დაკავშირებით. თბილისის დელეგაცია იმედოვნებს, რომ მის მიმართ სოხუმი არ გამოიყენებს იგივე სანქციებს, რაც პაატა და არჩიკო როგავების შემთხვევაში მოხდა.

კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ყველა ძალისხმევას გამოიყენებენ უკანონო პატიმრობიდან ამ ადამიანების დასახსნელად, რადგან განმარტა, რომ ისინი რეალურად არავითარ საფრთხეს არ უქმნიდნენ მოსახლეობას.

საუბარი შეეხო მოსწავლეების და მათთვის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შეზღუდვას. სუსი-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თქმით, პასუხად მიიღეს, რომ ქართველებს ეთნიკური თალსაზრისით არ ეზღუდებათ განათლების მიღების უფლება.

რუსულად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი გალის დაბალი ზონის სკოლებში, სადაც მანამდე ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ქართულად სწავლა. გამონაკლისი დაშვებულია 6-11 კლასების მოსწავლეებისთვის, რადგან ისინი რუსულ ენას სათანადოდ ვერ ფლობენ.

კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ საკითხები, რომლებიც გალის შეხვედრებზე ვერ წყდება, ოქტომბერში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში განიხილავენ.

გალის მორიგი შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.