ახალი ამბები
ქარტია: ხობის სკოლაზე მომზადებულ სტატიებში „ასავალ-დასავალმა“ სამი პრინციპი დაარღვია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ „ასავალ - დასავალის" ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესი) პრინციპი.

საქმე ეხება გაზეთში მიმდინარე წელს გამოქვეყნებულ ორ სტატიას „ეს მოხდა ხობის №2 ე.წ. მომავლის სკოლაში, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გახსნა“ და „ხობის #2 სკოლაში ლგბტ კლიპთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება“. მასალები ეძღვნებოდა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეოს.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საბჭომ საქმე განიხილა ხობში, რომელსაც ესწრებოდნენ ხობის N2-ე საჯარო სკოლის დირექტორი და მოსწავლეები. „მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია“,- ნათქვამია განცხადებაში. ქარტია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას მოგვიანებთ გეგმავს.

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს ქარტიაში ხობის მუნიციპალიტეტის #2-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ქვარაიამ უჩივლა. ის მიიჩნევს, რომ სტატიებში დასახელებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს, აღნიშნული ინფორმაცია კი მიწოდებულია არასაიმედო წყაროს მიერ, ასევე ორივე შემთხვევაში გამოქვეყნებულია არასრულწლოვანი ბავშვების სურათები მშობლების თანხმობის გარეშე.