ახალი ამბები
„თაუნ პარკს“ ზუგდიდის საავადმყოფოს მიმდებარედ მიწის ნაკვეთი გადაეცა [ვიდეო]
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ წინა სხდომისგან განსხვავებით ამჯერად გაითვალისწინა მერიის წინადადება და კომპანია „თაუნ პარკს“ პირდაპირი განკარგვის წესით გადასცა ზუგდიდის საავადმყოფოს მიმდებარედ 704 კვ.მ ნაკვეთი. გადაწყვეტილების თანახმნად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა კომპანიას პარკირების სისტემის მოსაწყობად 10 წლით გადაეცა ყოველწლიური საიჯარო ქირის საფასურად 5 400 ლარის გადახდის პირობით.

გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვას დისკუსია მოჰყვა. დეპუტატების ნაწილის უკმაყფილება გამოიწვია მერიის გადაწყვეტილებამ პირდაპირი განკარგვის წესით გაესხვისებინა ნაკვეთი. მათი თქმით, აუცილებელი იყო ამ შემთხვევაშიც აუქციონის გამოცხადება.

საკითხს მხარი არ დაუჭირა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ანა წითლიძემ, იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ და ეკონომიკის და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ. მათ მიიჩნიეს, რომ მერიამ ვერ დაასაბუთა თუ რატომ სურს კომპანია „თაუნ პარკს“ გადასცეს მიწა პირაპირი განკარგვის წესით.

პარალელურად ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მიერ ადრე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიის ხელმძღვანელ პირებს ახლო ურთიერთობა აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი საკითხთან მიმართებაში.

სხდომაზე განმარტებები გააკეთა მერიის ეკონომიკური სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა იური შეროზიამ. მისი სიტყვებით, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში შეიძლება სხვა კომპანიამ გაიმარჯვოს და შემდეგ „თაუნ პარკთან“ ვერ შეთანხმდეს. მისი განმარტებით, ამიტომაც რადგან ადრე ქალაქში პარკირების სისტემის მოწყობის აუქციონზე „თაუნ პარკი“ გამოვლინდა, რომელიც მზად არის შეასრულოს ამ შემთხვევაშიც ყველა ვალდებულება, უმჯობესად ჩათვალეს მისთვის მიწა პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცათ.


სხდომაზე ანა წითლიძემ უკმაყოფგილება გამოხატა „თაუნ პარკის“ მისამართით, რომ პარკირების სისტემის მოწყობა ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილების გახაზვით შემოიფარგლა, მომსახურების თანხად კი მოსახლეობას საათში 2 ლარს ახდევინებენ რაც მძიმე ტვირთად აწვება მოქალაქეებს. საპასუხოდ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კარლო ღადუამ განუცხადა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდება. მან ისევე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარებ ჟურნალისტებს კომენტარის ჩაწერაზე უარი განუცხადა.

22 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ არ გაითვალისწინა მერიის წინადადება კომპანია „თაუნ პარკისთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით მიწის გადაცემასთან დაკავშირებით.