ახალი ამბები
ომბუდსმენი: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პრობლემად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობა
სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი ეყრდნობა ქვეყნის მასშტაბით 98 საჯარო და 5 კერძო სკოლის, ასევე 6 სკოლა-პანსიონის შემოწმების შედეგებს.

ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგი ცხადყოფს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულების და არასათანადო მოპყრობისაგან. ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსების, განსაკუთრებით მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციაში მყოფი პირების და თანატოლების მხრიდან. ამ ყველაფერთან ერთად კი, აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა შორის ბულინგი ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა.

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებებისა თუ ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით. ასევე, სკოლებს არა აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა.

„მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას. მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% წამორტყმას. ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9%. მსგავსი დამოკიდებულებები დაფიქსირდა სხვა მრავალი ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებების მიმართ”, - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის განმარტებით, ძალადობის ფორმებიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად. სკოლის მანდატურის მხრიდან მოსწავლის მიმართ ყვირილის შემთხვევების არსებობა დააფიქსირა მოსწავლეთა 20.30%-მა, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან - 47.10%-მა, დამრიგებლის მხრიდან 61.50%-მა, ხოლო საგნის მასწავლებლისგან - 78.80%-მა. სკოლის თანამშრომელთა 25 % კი ამას ძალადობად არ მიიჩნევს.

ომბუდსმენის თქმით, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლის თანამშრომელთა შორის დაბალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმის ცოდნა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დასახვეწად.

ანგარიშში ასახულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელიც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერების“ ფარგლებში ჩაატარა.