ახალი ამბები
ზუგდიდის ახლად არჩეული მერი მუშაობას შეუდგა
ზუგდიდის ახლად არჩეული მერი ლაშა გოგია დღეიდან შეუდგა უფლება-მოვალეობის შესრულებას. როგორც მან „ლაივპრესს“ განუცხადა, უკვე იმყოფება კაბინეტში, გამგეობის შენობაში.

ლაშა გოგიას ინფორმაციით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ ახალი მერია სწორედ მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში განთავსდება, საკრებულო კი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ყოფილი მერიის შენობაში.

ახლად არჩეული მერის თქმით, დღეს ცესკოში 17:00 საათზე დაგეგმილ სხდომაზე გახდება ცნობილი, ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომის თარიღი. მანამდე კი გოგიას განმარტებით, მოსაგვარებელი აქვს პროცედურული საკითხები, როგორიცაა სხვადასხვა უწყებებში ოფიციალური წერილების გაგზავნა. მაგალითისთვის მან დაასახელა შემოსავლების სამსახური და საჯარო რეესტრი. ახალი მერი ეტაპობრივად, საკადრო ცვლილებებსაც გეგმავს.

„რა თქმა უნდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებისას ხდება საკადრო ცვლილებები და აქაც მოხდება. მოქმედებს მობილობის წესი და ამ წესის თანახმად იქნება გადაყვანილი ყველა თანამშრომელი“, - განაცხადა ლაშა გოგიამ.

ახლად არჩეული მერის უფლებამოსილების ძალაში შესვლის თარიღი არ დაემთხვა ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომას. ამასთან, არსებული მუნიციპალიტეტები უკვე ითვლება ლიკვიდირებულად. სწორედ ამიტომ სპეციალისტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი ამბობს, რომ სანამ არ შეიკრიბება ახალი საკრებულო ზუგდიდის არჩეული მერი ლაშა გოგია ვერ მიიღებს იურიდიული ძალის მქონე გადაწყვეტილებებს.