ახალი ამბები
ეკლესია ზუგდიდის ახალი ბიუჯეტით, წინა წლებისგან განსხვავებით ბევრად მეტ თანხას მიიღებს [ვიდეო/ინფოგრაფიკა]
2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ეკლესიის დაფინანსებისთვის წინა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი თანხა - 400 ათასი ლარია განსაზღვრული. ამ თანხიდან 100 ათასი ლარი კვლავ ივერიის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მშენებლობისთვის უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ ძეგლთა განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისივე ცნობით, 200 ათასი ლარი შარშან, 17 მაისს გაჩენილი ხანძრისგან დაზიანებული კორცხელის მონასტრის აღდგენას მოხმარდება. მცირე პროექტებისთვის, სად რა საჭიროება იქნება იმის მიხედვით, 80 ათასი ლარია გაწერილი. 20 ათასი კი ვლაქერნობის დღესასწაულისთვის დაიხარჯება.

საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ბათლომე შელია არ ეთანხმება ეკლესიისთვის თანხის გამოყოფას. მისი თქმით, ეკლესიას საკუთარი ბიუჯეტი აქვს, ამ ფონზე კი ადგილობრივი ხელისუფლება, რომელსაც ისედაც მწირი ფინანსები გააჩნია, უკვე მეშვიდე წელია ფულს ეკლესიისთვის გამოყოფს.

„ეტყობა მორალურად მოქმედებენ ჩვენზე, და იყენებენ სპეციფიურობას, რაც აქვს, ჩვენ გვაქვს ეკლესიისადმი. როგორ შეიძლება 200 ათასი მოთხოვო მუნიციპალიტეტს, რომელსაც ისედაც საკუთარი პრობლემები აქვს“, - აღნიშნა მან.

მშენებარე ტაძრის დაფინანსება პროგრამულ მუხლშია გაწერილი, რომლის სახელწოდებაა კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვა, თუმცა ამ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს. თუ რატომ მოხდა ასე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მურთაზ ბოკუჩავამ „ლაივპრესს“ განუმარტა:

„კორცხელს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. რამდენადაც საკითხი ექნებოდა რელიგიის დაფინანსებას, ფაქტობრივად ტაძრის მშენებლობა განეკუთვნება რეგლიგიის სფეროს. ამიტომ პროექტში ერთად არის ჩასმული. განცალკევება რომ არ მომხდარიყო. არავითარი დირექტიული მოთხოვნა არ არის, მაინცდამაინც რომელ კოდში იყოს“, - აღნიშნა მან.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას 2018 წელსაც მიიღებს საცხენოსნო კლუბი „ხარება“. თანხა წლევანდელის მსგავსად 43 ათასი ლარით განისაზღვრა. ის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შეცვლილი მუხლის - კულტურული განვითარების ხელშეწყობა ფარგლებში დაფინანსდება. ეს კლუბი 2015 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელი დეკანოზი იაკობ ეხვაიაა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეკლესიის დაფინანსებისთვის ჯამში 349 895 ლარი გაიცა დაფინანსების სახით. 2017 წელს ტაძრის მშენებლობისთვის 100 ათასი გამოიყო.

რაც შეეხება კორცხელის მონასტრის აღდგენას, საამისოდ რეგიონული განვითარების ფონდიდან 304 ათასი ლარი ივნისის თვეში გამოიყო.