ახალი ამბები
სოხუმი „სახელმწიფო ქონების რეესტრის“ შექმნას გეგმავს
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მუშაობს „სახელმწიფო ქონების“ მართვის ახალ მოდელზე. ეს იქნება დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების გასხვისება.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, 13 დეკემბერს, სოხუმში გამართულ პრესკონფერენხციაზე დე ფაქტო რესპუბლიკის ქონების მართვისა და პრივატიზაციის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ფიფიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე აფხაზეთში ობიექტების მხოლოდ 10%-ს გააჩნია საჭირო დოკუმენტაცია.

მისი განმარტებით, ახლა მთავარი ამოცანაა, „სახელმწიფო ქონების რეესტრის“ შექმნა. ვახტანგ ფიფიას თქმითვე, მიმდინარე წელს აფხაზეთში 183 მილიონი რუბლის საწარმოების პრივატიზაცია განხორციელდა.

„ყველა ამ საწარმოს მფლობელი საბედნიეროდ ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეები არიან“, - განაცხადა ვახტანგ ფიფიამ.

მისივე ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკაში ჯერ ვერ ხერხდება ქონების აუქციონის წესით გასხვისება, რადგან არ ჰყავთ შესაბამისი სპეციალისტები.

„გარდა ამისა არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აუქციონებში და ეს გარკვეულ საფრთხეს ქმნის“, - დასძინა მან. გამომდინარე აქედან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები უძრავი ქონების გაყიდვას კონკურსის წესით ამჯობინებენ.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა სხვადასხვა ობიექტების მესაკუთრეებთან დაკავშირებით კითხვები დასვეს. მათ შორის დაინტერესდნენ რიწის ტბასთან სტალინის აგარაკის ბედით.

საპასუხოდ მედიის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ აგარაკი 2010 წელს გაიყიდა და შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა. 2017 წლის გაზაფხულამდე 244 მილიონი რუბლი იქნა გადახდილი, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 300 მილიონი, რაც იმ პერიოდის ექვივალენტით 10 მილიონი აშშ დოლარია. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ მესაკუთრის ვინაობას თუმცა, განმარტავენ, რომ მას 2019 წლამდე დარჩენილი თანხის და დამატებით ჯარიმის სახით 115 მილიონი რუბლის გადახდა მოუწევს.

რაც შეეხება რესტორან „ამრას“, ის „სახელმწიფო ქონებაა და პრივატიზებული არ არის“. პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ არც მისი შეძენის მსურველი დაფიქსირებულა.