სოხუმი ისტორიული ძეგლების გადარჩენის საქმეში ქართული მხარის ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე აფხაზეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენის პროცესში ქართველი ექსპერტების ჩართვის აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, თუ პრობლემის გადაჭრაში აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სტრუქტურები დაეხმარებიან, ეს საკმარისი იქნება.
„ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში დე ფაქტო მინისტრმა განმარტა, რომ აფხაზეთისთვის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პრობლემა დღემდე აქტუალურია. მიმართეს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებსაც, თუმცა უშედეგოდ.
„ჩვენთან ჩამოდიოდნენ ევროპელი ექსპერტები, რომლებიც ამ საკითხში ძეგლთა მდგომარეობას აფასებდნენ და საჭირო რეკომენდაციებს გვაძლევდნენ. სამწუხაროდ, საერთაშორისო სტრუქტურების დახმარება ამით შემოიფარგლა და საკითხი ღიად რჩება”, - აღნიშნა მან.
„აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებმა“ იუნესკოს და გაეროს კეთილი ნების ელჩებს ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში მიმართეს თხოვნით, გულგრილად არ მოეკიდონ მათი „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე განთავსებული უძველესი ეკლესიების მდგომარეობის პრობლემას.
ვიდეომიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ აფხაზეთი კავკასიაში ქრისტიანობის აკვანია, ტაძრები კი საქართველოს „დამანგრეველი პოლიტიკის“ შედეგად გაპარტახდა.
მიმართვის ტექსტში აღნიშნულია, რომ ბედიის მონასტერი, ლიხნის, ბზიფის, ბიჭვინთის, მოქვის და ანაკოფიის ტაძრები წარმოადგენენ არამხოლოდ აფხაზეთის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის უნიკალური არქიტექტურის ძეგლებს.