აფხაზი პოლიტიკოსი დე ფაქტო ხელისუფლებას გიორგი ლუკავას გათავისუფლების გამო აკრიტიკებს
„ის სახელმწიფო კრიმინალია. ჩვენმა ხელისუფლებამ კი შეიწყალა და სახლში გაუშვა. გასაკვირია, რომ ორდენით არ დააჯილდოვეს. არ მიკვირს, რომ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს ჩვენი ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით“, - წერს თენგიზ ჯოპუა.
მის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ სხვა აფხაზებიც. მაგალითად, პოლიტოლოგი ლეილა ტანია წერს, რომ უფრო ადრე „რვა დამნაშავე“ გადაეცა ქართულ მხარეს და როგორც ჩანს „ეს უკვე მყარ ტრადიციად იქცა“. ამბობს - მსგავსი რამ დაშვებულია მაგალითად დიპლომატიური მოლაპარაკებებისას, სამხედრო ტყვეების გაცვლა ყველა-ყველაზე პრინციპით, თუმცა განსაკუთრებული მიღწევების პირობებში.
„მაგრამ რა მიიღო კონკრეტულად აფხაზეთმა ასეთი „კეთილი ნების“ ჟესტის სანაცვლოდ? და იყო თუ არა ჩვენთვის წარდგენილი რაიმე სახის პირობები?“, - დაინტერესდა პოლიტოლოგი.
სხვა აფხაზებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა გიორგი ლუკავა ვინმეზე გაცვალეს.
„ რის საფუძველზე გაუშვეს? უბრალოდ ადგნენ და გაუშვეს? ასე ხომ არ ხდება“, - ამბობენ ისინი.
გიორგი ლუკავა დრანდის ციხიდან 25 დეკემბერს გაათავისუფლეს. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ განუცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოა. იგივეს ამტკიცებდა „ლაივპრესთან“ საუბარში მისი ცოლი ლალი ბასარია. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაც მას უკანონო პატიმრად მიიჩნევდა.
გიორგი ლუკავა 2011 წლის მაისში დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, ის ოკუპირებულ გალის რაიონში გადავიდა შვილების საფლავის მოსანახულებლად. აფხაზური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ლუკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და მკვლელობის ბრალდებით.
სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, გალის IPRM-ის შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლება სხვა პატიმრებთან ერთად აქტიურად აყენებდა გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხს.
თბილისმა ეს მიღწევა შეაფასა როგორც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ურთიერთობის პოზიტიური მაგალითი.