ახალი ამბები
მშობელი: ბაღში აუტისტი ბავშვი ზეიმზე არ შეუშვეს
ზუგდიდში მცხოვრები თეა ანჩაბაძის ინფორმაციით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მისი 4 წლის გოგონა ზუგდიდის მე -15 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმზე არ შეუშვეს.

„ახალი წლის ზეიმმა საბავშვო ბაღში ნანუკას გარეშე ჩაიარა. ის ჭუჭრუტანიდან ადევნებდა ზეიმს თვალს, იმ საშინელი რკინის კარის ჭუჭრუტანიდან. (დავიბენი, ფოტო უნდა გადამეღო, როგორ ვერ ვაცილებდი კარებს და როგორ იდგა გამოპრანჭული გოგო, თავზე „ფერიას გვირგვინით") და ზოგიერთი ვაი-პედაგოგი უემოციოდ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს და სირცხვილის გრძნობაც არ ჰქონდა. გამგემ ჩაკეტაო. მე მყავს 4 წლის აუტისტური სპექტრის მქონე გოგონა, რომლისთვისაც ბავშვობის წართმევის უფლებას არავის არ მივცემ“, - წერს სოციალურ ქსელში მშობელი.

ზუგდიდის მერიაში გვითხრეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან და საკითხს სწავლობენ.

„აღშფოთებულები ვართ. ადგილზე იმყოფება მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და ვსწავლობთ ამ საკითხს. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია", - უთხრა „ლაივპრესს“ მერიის პრესსამსახურის უფროსმა მაგდალინა თოდუამ.