ნადარაია: ქართველმა მომღერალმა აფხაზეთში შესასვლელი ყველა კარი თავად ჩაკეტა
დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას სიტყვებით, ოპერის მომღერალმა, გიორგი თოდუამ აფხაზეთში მიმავალი ყველა გზა თავად ჩაკეტა. მისივე თქმით, გეგმავს დაუკავშირდეს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომ მან თავისმხრივ შესაბამისი წერილი გააგზავნოს რუსეთში, მარინის თეატრში, სადაც ქართველი ოპერის მომღერალი მოღვაწეობს.
ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრეცლებს. გამოცემა წერს, რომ გიორგი თოდუას მიმართ უკმაყოფილება "ლაივპრესზე" გამოქვეყნებული მომღერლის ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც მან ჟურნალისტს კონცერტის დასრულების შემდეგ მისცა.

კონკრეტულად საუბარია ინტერვიუს იმ მონაკვეთზე სადაც ბარიტონი ყვება, რომ "ჩასვლამდე ჩემი პირობები მქონდა, ჩემთვის ეს იყო მშობლიურ მიწაზე, სახლში ჩამოსვლა და არავითარი რესპუბლიკა აფხაზეთი-ო". უკმაყოფილების მიზეზი გახდა მისი ის ფრაზაც სადაც ამბობს, რომ კონცერტის დაწყებამდე შესთავაზეს შეხვედრა თანამდებობის პირებთან, რაზეც უარი განაცხადა.
"ეხო კავკაზას" ცნობით, ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუკში "აფხაზმა ანონიმებმა" გააკრიტიკეს დე ფაქტო ხელისუფლება, ყოფილმა ე.წ. კულტურის მინისტრმა ბადრი გუმბამ კი ქართველი მომღერლის კონცერტის გამო შეშფოთება გამოთქვა და განმარტებებთან ერთად მოითხოვა ღონისძიების ორგანიზატორთა გადადგომა.
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა მოქალაქეთა შეშფოთების შემდეგ, დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გიორგი თოდუა გალში პირველად არ ჩასულა და, რომ კონცერტის გამართვის სურვილი თავად მან ჯერ კიდევ დეკემბერში გამოთქვა. როგორც ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, არც მომღერალი და არც მისი ოჯახი აფხაზეთის ომში საომარ მოქმედებებში ჩართული არ ყოფილა. ამასთან აღნიშნა, რომ მარინის თეატრის სოლისტის, თანაც რუსეთის მოქალაქის და გალის მკვიდრის მიერ კონცერტის ჩატარებაში ცუდი ვერაფერი დაინახეს.

"ყველაფერი სადაც ამბობს, რომ დააყენა საკუთარი პირობები აფიშასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, არის ერესი. (ჭეშმარიტების უარყოფა.ავტ) როგორ წარმოგიდგენიათ თქვენთან სახლში მოვიდეს ადამიანი პირობებით, რომ ის თქვენ არ შეგხვდებათ? ასეთი რამ უბრალოდ არ შეიძლება მოხდეს. მე კულტურის განყოფილების უფროსის მიერ კონცერტზე მიწვეული ვიყავი, მე შემეძლო იქ მისვლა, მეთქვა მისასალმებელი სიტყვა, შევხვედროდი, მომეკითხა. რა მეტყოდა, რომ - წადი აქედან, მე შენთან საუბარი არ მინდაო?. ასეთი პირობა არ ყოფილა. მე მესმის, ეტყობა მის მიმართ იყო პრეტენზიები, რომ ის მღერის მარინის თეატრში, მღერის იმ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო აგრესორად მიიჩნევს. შეიძლება მის მიმართ ქართულ მხარეს მანამდეც ჰქონდა პრეტენზიები და მან სპეცსამსახურების მეშვეობით, ისარგებლა რა იმით, რომ შეუძლია აქ ჩამოსვლა, ჩაატარა ასეთი აქცია - საკუთარი თავი გამოაცხადა ქართული დემოკრატიის მამად. თავის მხრივ საქართველო დადუმდა იმაზე, რომ მან დაარღვია მისი კანონები და რომ მის მიმართ უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც ჩანს, ინტერვიუს სანაცვლოდ", - განაცხადა თემურ ნადარაიამ.
ბრიფინგზე კონცერტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ვადიმ ეხვაიამ. მისი თქმით, გიორგი თოდუამ კონცერტის გამართვამდე ითხოვა, რომ შეასრულებდა ერთ მეგრულ სიმღერას.

"რა თქმა უნდა მე მივეცი ამის უფლება, გამომდინარე იქდან, რომ ჩვენს რაიონში მეგრული სიმღერები აკრძალული არ არის. ჩვენთან, რაიონის კულტურის სახლში არის ფოლკლორული ანსამბლი "ბულბული", რომელიც აფხაზურთან ერთად მეგრულ სიმღერებსაც ასრულებს", - აცხადებს ეხვაია.
მისი სიტყვებითვე, ქართული სიმღერები მომღერალს კონცერტზე არ შეუსრულებია განსხვავებით რუსული რომანსებისგან და იტალური არიებისგან.
მანამდე განცხადება გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ღონისძიების დაგეგმვის შესახებ მათ ინფორმაცია არც გალის დე ფაქტო ადმინისტრაციისგან და არც თავად მუსიკოსისგან არ მიუღიათ, ამიტომ ემიჯნებიან კონცერტს.
გალის კულტურის სახლში ქართველმა საოპერო მომღერლმა გიორგი თოდუამ კონცერტი 24 იანვარს გამართა. როგორ ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველი მომღერალი და როგორ შეხვდა მას აფხაზი მაყურებელი, ამაზე გიორგი თოდუამ „ლაივპრესს“ კონცერტის დასრულების შემდეგ უამბო.