ახალი ამბები
ქართველი მომღერლის ბიძა აფხაზ ხალხს ბოდიშს უხდის
ქართველი საოპერო მომღერლის, გიორგი თოდუას ბიძა ავთანდილ თოდუა აფხაზ ხალხს ბოდიშს უხდის, გალში გამართული კონცერტის შემდეგ ქართული მედიასაშუალებებისთვის, მათ შორის „ლაივპრესისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო. მისი კომენტარი „გალ ტვ-მ“ გაავრცელა, ამავე თემაზე მომზადებულ მასალაში.

ავთანდილ თოდუას თქმით, მსგავს საქციელს არც ის, არც დანარჩენი ნათესავები და აფხაზი მოსახლეობა არ ელოდა.

„მე მინდა ბოდიში მოვუხადო აფხაზეთის მცხოვრებლებს მისი საქციელის გამო. ის ჩამოვიდა კონცერტისთვის და არ აღიარებს ამ რესპუბლიკას. ეს მისი მხრიდან არ არის კარგი საქციელი. ჩვენ ამის გამო ძალიან განვიცდით. ოჯახში არ ყოფილა ასეთი საუბარი, რომ მას გადაედგა ასეთი ნაბიჯი, რაც მან გააკეთა და რაც ვნახეთ ჩვენ ინტერვიუში. ეს ძალიან საწყენია“, - აცხადებს ავთანდილ თოდუა.

აღნიშნულ საკითხზე უფრო ადრე მედიისთვის ბრიფინგი გამართეს გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ნადარაიამ და ამავე ადმინისტრაციაში კულტურის განყოფილების უფროსმა ვადიმ ეხვაიამ.

თემურ ნადარაიას სიტყვებით, ოპერის მომღერალმა, გიორგი თოდუამ აფხაზეთში მიმავალი ყველა გზა თავად ჩაკეტა. მისივე თქმით, გეგმავს დაუკავშირდეს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომ მან თავისმხრივ შესაბამისი წერილი გააგზავნოს რუსეთში, მარინის თეატრში, სადაც ქართველი ოპერის მომღერალი მოღვაწეობს.

„ეხო კავკაზა“ წერს, რომ გიორგი თოდუას მიმართ უკმაყოფილება "ლაივპრესზე" გამოქვეყნებული მომღერლის ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც მან ჟურნალისტს კონცერტის დასრულების შემდეგ მისცა.

კონკრეტულად საუბარია ინტერვიუს იმ მონაკვეთზე სადაც ბარიტონი ყვება - "ჩასვლამდე ჩემი პირობები მქონდა, ჩემთვის ეს იყო მშობლიურ მიწაზე, სახლში ჩამოსვლა და არავითარი რესპუბლიკა აფხაზეთი-ო". უკმაყოფილების მიზეზი გახდა მისი ის ფრაზაც, სადაც ამბობს, რომ კონცერტის დაწყებამდე შესთავაზეს შეხვედრა თანამდებობის პირებთან, რაზეც უარი განაცხადა.

მანამდე განცხადება გაავრცელა დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ღონისძიების დაგეგმვის შესახებ მათ ინფორმაცია არც გალის დე ფაქტო ადმინისტრაციისგან და არც თავად მუსიკოსისგან არ მიუღიათ, ამიტომ ემიჯნებიან კონცერტს.

გალის კულტურის სახლში ქართველმა საოპერო მომღერლმა გიორგი თოდუამ კონცერტი 24 იანვარს გამართა. როგორ ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველი მომღერალი და როგორ შეხვდა მას აფხაზი მაყურებელი, ამაზე გიორგი თოდუამ „ლაივპრესს“ კონცერტის დასრულების შემდეგ უამბო.