ზუგდიდის შვიდ სოფელში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
მერიამ ტენდერი გამოაცხადა ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 28 741 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადა 42 დღეა, საგარანტიო ვადა კი 5 წელი. გამარჯვებულ კომპანიას დაევალება სხვა სამუშაოებთან ერთად რკინა - ბეტონის წყალამრიდი კედლების და რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა, ლითონის მოაჯირების დამზადება და მონტაჟი. ტენდერი 2 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 24 თებერვალს იწყება და პირველ მარტს მთავრდება.
ტენდერით უნდა გამოვლინდეს კომპანია, რომელიც ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭავჭავაძისა და ტაბიძის ქუჩის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას რეკონსტრუქციას ჩაუტარებს. მისი სავარაუდო ღირებულება 157 522 ლარია. საუბარია, საერთო ჯამში 500 მეტრიანი ბეტონის საფარის მოწყობაზე. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოს შესრულება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დადებიდან 40 დღის განმავლობაში. საგარანტიო ვადა შეადგენს 5 წელს. შესყიდვა გამოცხადდა 31 იანვარს, წინადადებებების მიღება დაიწყო 2 თებერვალს და გაგრძელდება 22 თებერვლამდე.
იგივე ვადებში უნდა გამოვლინდეს კომპანია, რომელიც ტყაიას ადმინისტარციულ ერთეულში, ცენტრალურ საავტომობილო გზას შეაკეთებს. მისი სიგრძე შეადგენს (პიკეტების მიხედვით) 2 134 მეტრს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 176 073 ლარია.
მერიამ ტენდერი გამოაცხადა 31 იანვარს აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოებზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 127 707 ლარია. წინადადებების მიღება იწყება 17 თებერვალს და მთავრდება 22 თებერვალს.
ტენდერი იგივე ვადებში გამოცხადდა ნაცატუს ადმინისტარციულ ერთეულში, ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზიდან, ნაცატუს მიმართულებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე საავტომობილო გზის რეკონსტრუქციაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 205 999 ლარია.
27 თებერვალს სრულდება წინადადებების მიღება ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრთან დამაკვაშირებელი გზის შეკეთების მომსახურების შესყიდვაზე. მისი სავარაუდო ღირებულება 277 157 ლარია.
10 თებერვალს დაიწყება წინადადებების მიღება მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ჭაქვინჯის ადმინისტრაციულ ერთეულში (ავთანდილ შენგელიას სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე), რკინა - ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29 695 ლარია.