ახალი ამბები
ფოთის თეატრი ჭერის ნაწილის ჩამონგრევის გამო დროებით იხურება [ფოტო]
ფოთის თეატრის ფოიეში, ჭერიდან ფრაგმენტი ჩამოვარდა, - უთხრა „ლაივპრესს“ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მღებრიშვილმა.

„დილით კომენდანტმა ნახა, რომ ღამით 10, 12 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა ჭერიდან ფრაგმენტი. ეს რომ სამუშაო დროს მომხდარიყო სამწუხარო შედეგი გვექნებოდა. ეს ახალი შენობაა, მაგრამ სულს ღაფავს. ყოველ წვიმაზე ვიტბორებით, ყველაფერი ცვივა“, - განაცხადა სამხატვრო ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, დასმა ბევრჯერ მიმართა მერიას, რომ შეემოწმებინა შენობის უსაფრთხოება.

„მათ მიიღეს ეს შენობა ექსპლუატაციაში და მათ უნდა შეემოწმებინათ. 2016 წელს ლიფტი ჩამოვარდა და ადამიანი დააზიანა. გუშინ ფრაგმენტი ფოიეში ჩამოვარდა, ხვალ შეიძლება ჩამოვარდეს დარბაზში სპექტაკლის დროს“, - გვითხრა დავით მღებრიშვილმა.

ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილის განმარტებით, თეატრის ადმინისტრაციის ბრალდება, რომ თეატრისთვის უხარისხო შენობის გადაცემაზე პასუხისმგებელი მერიაა, უსაფუძვლოა.

„პრობლემები მშენებლობის დასაწყისშივე იყო და არა ჩაბარების დროს. ეს შენობა 2014 წლიდან შევიდა ექსპლუატაციაში, მაგრამ პრობლემები მანამდე იყო. მერიამ რომ მთლიანად თავის თავზე აიღოს სარემონტო სამუშაოების წარმოება, ეს არაერალური იქნება, რადგან ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს არ გაააჩნია. გვქონდა კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით და ისინიც გამოხატავენ მზაობას, რომ მაქსიმალურად დროულად იყოს ეს საკითხი დეტალურად შესწავლილი.

საკითხის შესწავლამდე კი სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ თეატრი მუშაობას შეწყვეტს.

„სანამ დასკვნა არ იქნება სერიოზული, რომ ამ შენობაში უსაფრთხოა ყოფნა, ალბათ ვერ მივიღებთ მაყურებელს. მე მივიღებ გადაწყვეტილებას, რომ შევაჩეროთ სპექტაკლების ჩვენება. საშიშია უკვე“, - თქვა დავით მღებრიშვილმა.

ფოთის თეატრის ახალ შენობა 2014 წლის 31 მაისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმოდ გახსნა. თუმცა შენობაში ერთ თვეში წვიმის წყალი ჩამოვიდა. დაზიანდა სცენა, საგრიმიორო ოთახების და შესასვლელის კედლები.

თეატრის ახალი შენობის მშენებლობა 2005 წელს, ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო, როცა თეატრის ყოფილი შენობა საკათედრო ტაძარს გადაეცა.

ყოფილი ხელისუფლების პირობებში მშენებლობის დასრულების ვადები რამდენჯერმე გადაიდო. ძირითადი მშენებლობა 2012 წელს დასრულდა, მაგრამ სარემონტო სამუშაოები წინასაარჩევნოდ უსახსრობის გამო გარკვეული პერიოდი შეჩერებული იყო. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით გაგრძელდა და ობიექტის მშნებლობა დასრულებულად, თვითმმართველობის არჩევნებამდე 15 დღით ადრე გამოაცხადეს და შენობა საზეიმოდ გახსნეს.

თეატრის ახალი შენობის მშენებლობისთვის ჯამში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა, აქედან 7 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაა, 4 მილიონი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯული.