ახალი ამბები
ფერმერული ასოციაცია ევროპაში კივის გატანას გეგმავს [ვიდეო]
ზუგდიდში დღეს სამეგრელოს სოფლებში კივის მწარმოებელი ფერმერები შეხვდნენ ერთმანეთს და ასოციაცია დააფუძნეს.

კივის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე დემურ ფიფიას თქმით, მათი მიზანია ფერმერებს შორის გამოცდილების გაზიარება, პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესება და მისი ევროპის ბაზარზე გატანა.

„ფერმერების წინაშე არსებულ პრობლემებს შორის უმთავრესია პროდუქტის რეალიზაცია, ჩვენს საზღავრგარეთ ექსპორტზე ვფიქრობთ, გვინდა რომ ევროპის ბაზარი დავიკავოთ. ამჯერად კი, კივის რეალიზაცია არაორგანიზებულად ხდება, ჩვენ თვითონ გაგვაქვს თბილისის ბაზარზე, სადაც ვყიდით საბითუმო ფასებში, მაგრამ ხშირად ისინი მარკეტებში სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქტის სახელით იყიდება“, - გვითხრა დემურ ფიფიამ.

კივის მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაა.

„ასოციაციის დაფუძნება პირველ რიგში ხელს უწყობს კივის გატანას ევროპის ბაზარზე, ეს არ არის მარტივი ამბავი, მაგრამ ძალიან პერსპექტიულია. პროდუქტი აიღო შენი ნაკვეთიდან და ევროპაში წაიღო, ასე მარტივად არ ხდება. ამას ევროპული ბაზრის სტანდარტების დაკმაყოფილება სჭირდება, დღეს აქ ფერმერები იმისთვის შეიკრიბნენ, რომ თავიანთი ფერმერული მეურნეობები ევროპულ დონეზე მოაწყონ“, - გვითხრა პალატის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შალვა აგუმავამ.

კივის მწარმოებელთა ასოციაციაში 30-მდე ფერმერი გაერთიანდა.