ზუგდიდის ყინულის მოედნისთვის 407 ათასი ლარი უნდა გამოიყოს [ვიდეო]
საკითხის განხილვისას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძემ განაცხადა, რომ წინა საკრებულომ ყინულის სახლის რეკონსტრუქციისთვის ორჯერ გამოყო თანხა, ბოლო შემთხვევაში კი საუბარი იყო 150 ათას ლარზე და მიუხედავად ამისა, ეს დაწესებულება დღემდე არ არის გახსნილი. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არაერთხელ დასვეს კითხვები სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია „გილანის“ მისამართით, თუმცა ისინი დღემდე პასუხგაუცემელია.
„მათ მიერ შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო და ბოლომდე შეუსრულებელი. ჩვენ მაშინაც ვაყენებდით ამ საკითხს. ანუ ახლა რა გამოდის, ის თანხა კომპანიას ისე მივეცით, წყალში ჩავყარეთ, რადგან არანაირი შედეგი ამას არ მოუცია. რა გარანტია გვაქვს, რომ ახლა მოხდება ამ ყინულის სახლის სრულყოფილი რეაბილიტაცია?!“, - იკითხა სხდომაზე ანა წითლიძემ.
მის შეკითხვას საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა. მამუკა წოწერიას განცხადებით, ჩატარდა დეტალური ექსპერტიზა, დამატებით თუ რა სახის სამუშაოები და ტექნიკაა საჭირო ყინულის სახლის სრულყოფილად ასამუშავებლად. რაც შეეხება ხარისხის გარანტიას, მისი თქმით, სამშენებლო პროცესს კონტროლს გაუწევს ზედამხედველობის კომპანია.
საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვებით, კომპანიის ზუგდიდში შემოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მშენებლობების ხარისხი.
„ეს დაფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რომელსაც ასევე დამატებით გააჩნია ზედამხედველობის ბერკეტები. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამუშაოების შესრულების შემდეგ ჩვენ მივიღებთ ფუნქციონირებად ყინულის სახლს, რომელიც არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ ვფიქრობ, სამედიცინო კუთხითაც არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდის ყინულის მოედანი წლებია არ ფუნქციონირებს. მერიის ეკონომიკისა და ინფარსტრუქტურის განვითარების სამსახურში „ლაივპრესს“ შარშან დეკემბერში განუცხადეს, რომ მოედანი იანვრის თვეში გაიხსნებოდა. დაწესებულების აღდგენის სამუშაოებისთვის შარშან ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 ათასი ლარი გამოიყო.