გუბერნატორს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია (ისევე, როგორც სხვა რწმუნებულები) 5 900 ლარს მიიღებს. მანამდე მისი ხელფასი 2 950 ლარს შეადგენდა, პარალელურად კი სახელფასო დანამატს იღებდა.

ფოტოზე: გუბერნატორი ლევან შონია
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თუ რწმუნებული და მისი მოადგილეები მანამდე ხელფასს და დანამატს იღებდნენ, მთავრობის დადგენილებით, ეს გაერთიანდა და თანამდებობრივი სარგო ეწოდა.
„ის დანამატებიც მანამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით ირიცხებოდა, უბრალოდ ახლა მთავრობის დადგენილებით გაერთიანდა ხელფასი და სახელფასო დანამატი“, - განუცხადეს „ლაივპრესს“ გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

ფოტოზე: გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია
დადგენილების მიხედვით, თუ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის კობა ქანთარიას თანამდებობრივი სარგო გასულ წელს 2 360 ლარი იყო, წელს 3 900 ლარმდე გაიზარდა.

ფოტოზე: გუბერნატორის მოადგილე დათო კოდუა
ლევან შონიას მოადგილე დათო კოდუას ხელფასი ამჟამად 3 500 ლარს შეადგენს, გასულ წელს 2 250 ლარი იყო.
თუ გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა გვასალიას ხელფასი გასულ წელს 1 550 ლარით იყო განსაზღვრული, გაზრდის შემდეგ 2 500 გახდა. მისი მოადგილის ხელფასმა 1 180 ლარიდან 1 700-მდე მოიმატა. ადმინისტრაციაში პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები 1 300-1300 ლარს მიიღებენ, მაშინ როცა გასულ წელს მათი ხელფასი 750 ლარი იყო.

ფოტოზე: გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის სემსრულებელის დავით მალანიას ხელფასი 1 550 ლარს შეადგენდა, ახლა 2 200 ლარია. მისი მოადგილე გასულ წელს დანიშნული 1 180 ლარის ნაცვლად წელს 1 700 ლარს მიიღებს. სამსახურის პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები კი 1 300-1300 ლარს, მაშინ როცა გასულ წელს მათი ანაზღაურება 750 ლარი იყო.

ფოტოზე: პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის ნუგზარ გაბელიას ხელფასი ამჟამად 2 500 ლარია. გაზრდამდე 1 550 ლარი იყო. სხვა სამსახურების უფროსების მოადგილეების მსგავსად, მისი მოადგილის ხელფასი 1 180 ლარიდან 1 700-მდე გაიზარდა. აქაც პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტები 1 300-1300 ლარს მიიღებენ, მაშინ როცა გასულ წელს მათი ხელფასი 750 ლარი იყო.