ახალი ამბები
როგორი არის და იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი [ვიდეო]
მეცხრამეტე საუკუნეში გაშენებული და მოუვლელობის გამო განადგურებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია მრავალწლიანი დაპირებების შემდეგ დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.


ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამომაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

მინისტრ ზურაბ ალავიძის განცხადებით, ათეული წლებია ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციას არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ფართო საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდება.

მისი სიტყვებით, ზუგდიდს განახლებული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობილი ბაღი ექნება. მოხდება შენობების რეკონსტრუქცია და დაემატება რამდენიმე ახალი. იცვლება წყალსადენი მილები, მოეწყობა ხელოვნური ტბა, აღდგება წყალმომარგების სისტემა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხეების სანიტარული ჭრა, პარარელუარად კი ბაღის შევსება ახალი მცენარეებით. მისი თქმითვე, გრძელდება მუშაობა, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გახდეს ისტორიული პარკების ევროპული ქსელის წევრი.

რეკონსტრუქციისთვის გათვლილი 12 მილიონი ლარიდან 6 მილიონს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გაიღებს, რომელიც მან სესხის სახით აიღო. თანხის ნაწილი ასევე გათვალისწინებულია 2018 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიუჯეტში:

„თანხიდან 50% არის სესხი. 30% არის მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსება და 20% იხდის ადგილობრივი ხელისუფლება. ეს არის ყველაზე მთავარი პროექტი ქალაქისთვის. ეს ყველაზე ლამაზი ადგილი იყო ზუგდიდში და ყველაზე ლამაზი ადგილი იქნება მომავალშიც“, - განაცხადა მერმა ლაშა გოგიამ.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციისთვის 6 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა სულ სამმა კომპანიამ მიიღო. საბოლოო ჯამში გამარჯვებული შპს „ჯავა“ გახდა.

ვიდეო, „როგორი იქნება ბოტანიკური ბაღი“, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ მოგვაწოდა.