ახალი ამბები
უშგულის თემში თოვლმა ტრადიციული სვანური მაჩუბი დააზიანა
უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში უხვმა ნალექმა ტრადიციული სვანური საცხოვრისი (მაჩუბი) დააზიანა. კომპლექსის სახურავს ახლომდებარე კოშკის სახურავზე ყინულად ქცეული თოვლის მომწყდარი მასა დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა ჩაჟაშის ახლადშექმნილი მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ხარისხს სწავლობს.

„პრევენციის სახით, ჯგუფის წევრები ამავდროულად იმ საგვარეულო კოშკებისა და მაჩუბების ფიზიკურ მდგომარეობასაც დააკვირდებიან, რომელთაც მესაკუთრეების არყოფნის მიზეზით გადმოთოვის პრობლემა აქვთ. საჭიროების შემთხვევაში კი მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლები აუცილებელ ღონისძიებებს განახორციელებენ“, - აცხადებენ საგენტოში.

მათი ცნობითვე, მაჩუბს მიმდინარე წელსვე, ჩაჟაშის კომპლექსური რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში აღადგენენ. ჩაჟაშის რეკონსტრუქციის პროცესი 2014 წლიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, ჩაჟაშში მდებარე 50 მდე კოშკიდან და მაჩუბიდან უკვე სრულადაა აღდგენილი 30 ზე მეტი ისტორიული ძეგლი. პროგრამა 2020 წელს უნდა დასრულდეს.