მესტიაში გამართული აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მიმართეს
„სვანეთში ჰესები არ აშენდება, ასევე შეწყდება – „ხუდონჰესის“, „ნენსკრაჰესის“, „მესტიაჭალაჰესისა“ და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესის სამშენებლო სამუშაოები", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ისინი აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, აკრედიტირებულ დიპკორპუსს და ყველა ინსტიტუციას მიმართავენ.
სეტის მოედანზე დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. შეკრებილების თქმით, დიდი ჰესების მშენებლობა საფრთხეს უქმნის სვანეთს, არსებობს ტერიტორიების დატბორვის საშიშროებაც. სვანების თქმით, მოთხოვნის შეუსრულებლობამდე აქციებს გააგრძელებენ.