მესტიის მერია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რათა არ გამოიყენონ ისინი პოლიტიკური მიზნებისთვის
ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას აფრთხილებს რათა არ გამოიყენონ ისინი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებისთვის:
„მესტიაჭალა“ ჰესის მშენებლობა ხორციელდება დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, საერთაშორისო სტანდარტებით გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით. გამომდინარე აქედან, აღნიშნული პროექტი რომ შეიცავდეს საფრთხეებს და ზიანის მომტანი იყოს სვანეთის ეკოსისტემისთვის, პირველ რიგში ჩვენ ვიქნებოდით პროექტის მოწინააღმდეგეები, რადგან თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების მომავალი სისხლით არის გადაჯაჭვული სვანეთის უნიკალურ ბუნებასთან.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდება ადგილობრივი კადრებიდან ჰესის მომსახურე პერსონალის შერჩევა, გადამზადება და დასაქმება. მნიშვნელოვნად გაიზრდება მესტიის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, რაც წინასწარი გათვლებით, პროექტის გაშვებიდან პირველივე წელს შეადგენს 1 500 000 ლარს.
მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაინახოს, რომ პროექტის წინააღმდეგ გამოსვლები მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა საწადელ მიზანს არჩევნების გზით ვერ მიაღწია. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ისეთი სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემით, როგორიც არის ჩვენი გარემო, აპელირებს და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს სწორედ ის ჯგუფი, რომელიც 2017 წლის არჩევნებში დამარცხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები პროექტის მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს გამართულ პირველ შეხვედრაზე გამოიჩენდნენ და არა მას შემდეგ, რაც პროექტის სამუშაოების 65 % შესრულდა.
გვჯერა, რომ აღნიშნულ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა უმრავლესობას მართლაც გული შესტკივა ჩვენს მუნიციპალიტეტზე და მხოლოდ გულწრფელი ემოციები ამოძრავებს, თუმცა მოგიწოდებთ ყველას, რომ უნებლიედ არ გახდეთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად წარმართული პოლიტიკური თამაშის მონაწილეები. გთავაზობთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კომენტარს, ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით:
„მინდა გამოვეხმაურო კიდევ ერთ ცრუ ბრალდებას, თითქოს ჩემს მიერ მოხდა მესტიის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების გამოძახება და მობილიზება, ყოველივე ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, ანუ ის ბინძური მეთოდი, რომელსაც წინა საარჩევნოდ მუდმივად იყენებდნენ მოწინააღმდეგეები, თუმცა სვანეთის მოსახლეობამ მაშინაც გამოიჩინა ის კეთილგონიერება, რომელიც აქაურ მაცხოვრებლებს ისტორიულად ახასიათებდა და დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა შექმნილ მდგომარეობას დღესაც ჯეროვნად და სწორად შეაფასებს“, - ნათქვამია განცხადებაში. აქვეა ჩამოთვლილი ის სამუშაოები, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტსა და „მესტია ჭალა ჰესის“ მშენებელ კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანიამ განახორციელა. განცხადება სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მესტიაში, სეტის მოედანზე კვირას ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა, დღეს კი მოქალაქეთა ნაწილი იგივე მოთხოვნით, მშენებელი კომპანიის ოფისთან შეიკრიბა.