ახალი ამბები
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქართული პრეპარატიც იქნება გამოყენებული
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ თხილის და სიმინდის კულტურებში გამოყენების მიზნით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პერეპარატის ფართო მასშტაბით გამოცდა.

ამასთან მათივე ცნობით, მავნებლის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების მოძიების მიზნით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები შვეიცარიაში, კერძოდ, ქ. დელემონში, სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრში (CABI) იმყოფებოდნენ, სადაც აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოაგენტებზე მიმდინარეობს მეცნიერული კვლევები.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, არაერთი შეხვედრა გაიმართა აზიური ფაროსანას სხვადასხვა ბიოლოგიური მტერის მორფოლოგიის, მისი გამრავლებისა და ბიოკონტროლის სისტემაში გამოყენების საკითხებზე. ქ.დელემონის სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ოფიციალური ინფორმაციით, 8 მარტს დაგეგმილია სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა თბილისში - „აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) - გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები“. ღონისძიება დაგეგმილია შშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს აშშ-სა და ქართველ მეცნიერებს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.