ზუგდიდის საკრებულო დეპუტატის ხარჯის ანაზღაურების კანონმდებლობით დარეგულირებას ითხოვს
„იქნებ საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს ის პირველადი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ხარჯების განხორციელებას და მოგვცემს საშუალებას ამ ხარჯების ანაზღაურების, ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის მიერ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მიეცა შენიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივიღეთ გარკვეული დოკუმენტები, ის მაინც ვერ განსაზღვრავს და ვერ ახდენს იმ ხარჯების იდენტიფიცირებას, რომელსაც ვანაზღაურებთ. თუ ამ კუთხით საკანონმდებლო მხარდაჭერა იქნება, კარგია“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებთან ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე.
მას ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა. ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით შესაძლებელია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაგალითის გათვალისწინება და ამ საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს:
„არსებობს თბილისის მუნიციპალიტეტის პრეცენდენტი, სადაც დაანგარიშებულია ის ხარჯი, რომელსაც გასწევს საკრებულოს წევრი უფლებამოსილების განხორციელებისას. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამაზე. მაგრამ ბუნებრივია, როცა საუბარია ხარჯებზე, აუცილებელია ძალიან ბევრი არგუმენტი, თუმცა აბსოლუტურად ვიზიარებ, რადგან ადამიანი იღებს გარკვეულ სტატუსს, ხდება წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, მინიმუმ უნდა უნაზღაურდებოდეს საკუთარი პასუხისმგებლობის, უფლებამოსილების შესრულების ფარგლებში დახარჯული თანხა და ეს ლოგიკურიც არის“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და წინადადებებს საკომიტეტო დონეზე განიხილავენ.
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ანაკლიაში გაიმართა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა რამდენიმე ინიციატივა დააყენეს. შეხვედრა საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივით შედგა, სადაც განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები.