ფეხსაცმლით მოყოლილი ქალთა ისტორიები [ფოტო/ვიდეო]
„პატარა ქალაქში ვცხოვრობ. ხმამაღლა ვერსად ვიტყვი, რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ. ამის დამალვა მიწევს საზოგადოებაში არსებული ტრანსოფობიის გამო“, - ლოლა 40 წლის (ტრანსგენდერი ქალი).
„აქციაზე ვერ დავდგები და ვერ დავიცავ ქალთა უფლებებს იმიტომ, რომ 2016 წელს ქმარმა მომკლა“, - ლიკა 31 წლის.
„აქციაზე გასვლას ვერ ვახერხებ იმიტომ, რომ ვმუშაობ. დილის 8:00-დან ღამის 12:00 საათამდე. მარკეტში ვარ კონსულტანტი, ანაზღაურება იმდენად მცირეა, მხოლოდ პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად თუ მყოფნის“, - თამო 23 წლის (შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი).
„საზოგადოება ყოველთვის უარყოფითად არის განწყობილი კომერციული სექს-მუშაკების მიმართ. არაერთხელ გავმხდარვარ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ, ხმამაღლა ვერ დავიცავ ჩემს უფლებებს“, - ელენე 29 წლის (კომერციული სექს-მუშაკი).
ამ ფრაზების ავტორებს გამვლელები ვერ ხედავდნენ, მაგრამ ყურადღებას იქცევდა ფეხსაცმელი, შემდეგ კი ისტორია, რომელიც ბოლომდე ზოგიერთს არც ჩაუკითხავს.
როგორც აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორი „თანასწორობის მოძრაობის“ სოციალური მუშაკი ცაბუნია ვართაგავა აცხადებს, ეს ქალები დღეს აქციაზე არ დგანან, რადგან მათ საზოგადოებამ ასწავლა დუმილი:
„პერფორმანსის მთავარი მიზანი ისაა, რომ აქ ამ ფეხსაცმლების ნაცვლად იდგნენ ის ადამიანები და თავად ამბობდნენ სათქმელს, თავად ყვებოდნენ საკუთარი პრობლემების შესახებ. აქ არიან სქესის, ორიენტაციის და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალები. ყველა ის ქალი, ვისაც სქესის გამო რაიმე პრობლემა ოდესმე შეხებია“, - განაცხადა ცაბუნია ვართაგავამ.
აქცია პერფორმანსით „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი შეუერთდა თბილისში გამართულ აქციას, რომლის მონაწილეებიც ითხოვენ ტრანსგენდერებისთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურის გამარტივებას.