ახალი ამბები
თბილისში, მესტიასა და ქუთაისში აპროტესტებენ დიდი ჰესების მშენებლობას
მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, მესტიასა და ქუთაისში საპროტესტო აქციები „არა საქართველოს დატბორვას! არა ჰესომანიას!“ იმართება. აქციის მონაწილე ერთ-ერთი ორგანიზაციის „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით გულბანმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ აპროტესტებენ ზემო და ქვემო სვანეთში, რაჭაში, ლეჩხუმსა და საქართველოს სხვა კუთხეებში მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებას.

მისი სიტყვებით, მიმართავენ სახელმწიფოს რათა მან გონივრული ენერგოპოლიტიკა შეიმუშაოს. ასევე ძალაშია მათი მოთხოვნა მსხვილი ჰესების მშენებლობის შეჩერების შესახებ, რადგან ისინი ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნიან ხეობებს.

„ჩვენ ვეუბნებით სახელმწიფოს, რომ ჯანსაღი გარემო და ჯანსაღი ბუნება არის უფრო უპირატესი და ის დღეს უფრო მეტ ფასეულობას წარმოადგენს, ვიდრე მილებში მოქცეული და კაშხლებში დამონებული ხეობები“, - უთხრა „ლაივპრესს“ დავით გულბანმა.

მისივე თქმით, აგროვებენ ხელმოწერებს ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, რომელსაც შემდეგ მთავრობას გადასცემენ.

პარალელურად „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეომასალას მესტიაში გამართული საპროტესტო აქციიდან წარწერით: ,„სვანეთი თავისი ლამაზი და მილში მოქცეული მდინარით უერთდება მსოლიო მდინარეების დაცვის საერთაშოისო დღეს“.

შეკრებილებს ხელში აქვთ პლაკატები წარწერით „არა ჰესების მშენებლობას“ და მათ მიერ მომზადებული ე.წ. „სვანეთის დატბორვის რუქა“. აქციის მონაწილეების თქმით, სვანეთში ჰესების მშენებლობა საბოლოო ჯამში ტერიტორიების დატბორვას გამოიწვევს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა მსგავსი შინაარსის აქცია სვანეთში მანამდეც არაერთხელ გამართეს. მათ საპროტესტო გამოსვლებს მოგვიანებით მესტიის მერია და ჰესების მშენებელი კომპანია განცხადებებით გამოეხმაურნენ. ისინი ირწმუნებიან, რომ მესტიაში მიმდინარე მშენებლობები სვანეთს საფრთხეს არ უქმნის.

მასალაში გამოყენებულია დავით გულბანის მიერ მოწოდებული ფოტოები.