ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლაში მოზარდმა ხელი ბასრი საგნით დაიზიანა [ვიდეო]
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლემ დღეს ბასრი საგნით ხელი დაიზიანა. როგორც სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, მოზარდს ხელში ჰქონდა ნივთი, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს საშლელს, თუმცა აღმოჩნდა ქაღალდის საჭრელი, რაც მცირე ინცინდენტის მიზეზი გახდა.

„დღეს გვქონდა ეს შემთხვევა. ნივთი ვიზუალურად გავდა საშლელს, რომელიც არის დასაშვები ნივთი და რომელიც ჰქონდა მეექვსე კლასელს. რეალურად იყო დაახლოებით ერთ სანტიმეტრიანი ქაღალდის საჭრელი, რამაც დააზიანა მოსწავლე. შემთხვევამ გამოიწვია, რომ ჩაერთნენ შესაბამისი ორგანოები“, - განაცხადა ნინო გოგინავამ. მისი სიტყვებით, უნდა გაიზარდოს დამრიგებლის უფლებამოსილება, რათა საეჭვო ვითარების შემთხვევაში შეძლოს გაჩხრიკოს მოსწავლე.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განმარტა, რომ იგეგმება ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები. იზრდება მანდატურის უფლებები, რაც პარლამენტის წევრის თქმით, არ ნიშნავს, რომ სკოლაში იქნება პოლიციური სისტემა, თუმცა გაძლიერდება კონტროლი. მისივე თქმით, სკოლის უსაფრთხოების გაძლიერება კომპლექსური ღონისძიებაა, რაც სკოლის, მშობლების, მოსწავლეების ჩართულობას და ასევე საკანონმდებლო ცვლილებასაც გულისხმობს.

„უახლოეს პერიოდში, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე დარეგისტრირდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გაზრდის მანდატურის სამსახურის როგორც უფლება-მოვალეობებს, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნას მანდატურის თანამშრომლების მიმართ. მანდატურის სამსახურის მიერ შერჩეული კადრების შეთანხმება მოხდება აუცილებლად სკოლის ადმინისტრაციასთან. ჩვენ გვექნება თანამშრომლობითი ფორმატი, სკოლის უსაფრთოხების დაცულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სკოლებში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით „ლაივპრესთან“ კომენტარი გააკეთა ზუგდიდის საგანმანათლებლოს რესურსცენტრის დირექტორმა. კახა ფარცვანიას თქმით, არ ემხრობა პოლიციურ სისტემას სკოლაში, მაგრამ აუცილებლად მიაჩნია მეტი როლი დაეკისროს მანდატურს.

„უნდა იყოს ერთიანი რგოლი, რომელშიც ჩართული იქნება სკოლა, მშობელი, ასევე ბავშვი, რომელიც გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას. ბავშვის უფლება აუცილებლად უნდა იყოს დაცული, მაგრამ ასევე ხშირად უნდა შევახსენოთ მათ თავიანთი მოვალეობები“, - განაცხადა კახა ფარცვანიამ.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილი ცვლილებებზე ზუგდიდში შეხვედრები დღეს გამართა.