ახალი ამბები
სასწავლო ანიმაცია აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე [ვიდეო]
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტურობის აღდგენის პროექტის (USAID-REAP) ფარგლებში მომზადდა სასწავლო-ანიმაციური ფილმი, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების შესახებ. ვიდეოში წარმოდგენილია მავნებელის წინააღმდეგ სახლის პირობებში გამოსაყენებელი სხვადასხვა მეთოდი.

გასულ წელს სხვადასხვა დაავადებამ და მავნებლებმა, მათ შორის განსაკუთრებით აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოში მოსავლის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი თხილი და სიმინდი გაანადგურა. ხელისუფლებამ არაერთხელ შეწამლა ნაკვეთები, თუმცა გლეხები ამბობენ, რომ ამას შედეგი არ მოჰყოლია. წელს ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჩართულობით, ფაროსანასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა შეიმუშავეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, 2018 წლის სამოქმედო გეგმა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგის სისტემა, კონტროლის ღონისძიებები და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოები.