მინისტრი: პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან არ ნიშნავს მათი სუვერენიტეტის აღიარებას
მინისტრის თქმით, ეს ასევე გულისხმობს ძალიან ფართო კონტექსტს, მათ შორის შეიძლება იყოს სახალხო დიპლომატიის არხები. მაგალითად კონკრეტულ საკითხებზე, იმავე ჰუმანიტარულ ან სხვა პრაგმატულ საკითხებზე ექსპერტების ჩართულობა, ან დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობა და დიალოგი, თუმცა არაპოლიტიზირებულ სტატუს-ნეიტრალურ ფორმატში.
„საერთო კომისიაც კი გვქონია აფხაზებთან და დოკუმენტებზე მხარეების ხელმოწერებიც არსებობს. მოგეხსენებათ, 2008 წლამდე სხვა მოცემულობა გვქონდა და 2004 წელს მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ხაინდრავა პირადადაც ხვდებოდა, მათ შორის ცხინვალში, დე ფაქტო წარმომადგენელებს. თბილისშიც ყოფილა იმ წლების განმავლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი და ბუნებრივია, ეს აღიარებას არც და ვერც დაუკავშირდებოდა“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები დიდი ხანია მონიშნულია. ამ ამოცანებს შორისაა სწორედ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან და ასევე ის, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს დიალოგი.
მისივე განმარტებით, მთავარია სწორად იყოს აღქმული, რომ საუბარია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და იმ საჭიროებაზე, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები გვაქვს დასალაგებელი.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვამ რუსეთისადმი და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობის გამოხატვამ ქართულ პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია.